პაატა ზაქარეიშვილი - „ქართულ ოცნებაში“ ყველაფერს აკეთებენ, რათა კანდიდატის სტატუსის მიღების ყოველგვარი შანსი მოანგრიონ

„ქართულ ოცნებაში“ ყველაფერს აკეთებენ, რათა კანდიდატის სტატუსის მიღების ყოველგვარი შანსი მოანგრიონ და ასე სამარცხვინოდ ატყობინებენ ევროკავშირს, რომ მისთვის მიუღებელია პრეზიდენტის აქტიურობა - ამას, რა თქმა უნდა, რუსეთის დასანახად აკეთებენ,- ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს.

როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, „ხელისუფლების წარმომადგენლები იქნევენ ჯოხს, რომელიც თავში მოხვდებათ, მაგრამ იციან, რომ მათ ვერავინ ჩაანაცვლებს“.

„ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება დასავლეთის დასანახად, რადგან დასავლეთი კარგად დაინახავს, რა ვითარებაა საქართველოში. ამას, რა თქმა უნდა, რუსეთის დასანახად აკეთებენ. მათთვის მთავარია მფარველი სახელმწიფო რუსეთი კმაყოფილი იყოს, თუ როგორ ძირკვავს ფესვიანად „ქართული ოცნება“ საქართველოში პროევროპულ მოძრაობებს. დაბრმავებულები არიან „ქართულ ოცნებაში“. მათი ქცევები სამარცხვინოა და კიდევ უფრო სამარცხვინოა, რომ ასეთ უსაგნო ხელისუფლებას გამარჯვების შანსი ჰქონდეს, რომ არა სუსტი ოპოზიცია. ასეთი სუსტი მთავრობა და ხელისუფლება საქართველოს არასდროს ჰყოლია და საუბედუროდ, არც ასეთი სუსტი ოპოზიცია ჰყოლია არასდროს. ისინი იქნევენ ჯოხს, რომელიც თავში მოხვდებათ და ხვდებათ მუდმივად. მაგრამ იციან, რომ მათ ვერავინ ჩაანაცვლებს. მათი მთავარი ამოცანაა, როგორმე მიაღწიონ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. თუ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მაინც მოგვანიჭა, მიითვისებენ და გაიფორმებენ არჩევნებში გასამარჯვებლად, მაგრამ ურჩევნიათ, სხვა ფორმით გაიმარჯვონ, ვიდრე კანდიდატობის სტატუსით. ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რათა მოანგრიონ კანდიდატის სტატუსის მიღების ყოველგვარი შანსი. ასე სამარცხვინოდ ატყობინებენ ევროკავშირს, რომ მისთვის მიუღებელია პრეზიდენტის აქტიურობა ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით. გამაოგნებელია, რასაც ისინი აკეთებენ. ეს უტიფრობა და თავხედობაა, მაგრამ იმედოვნებენ, რომ გაუვათ, რადგან ოპოზიცია გაერთიანებას ვერ მოახერხებს. სამაგიეროდ, ქულებს იწერენ რუსეთის წინაშე. ის, რომ ზურაბიშვილი თითქოს კონსტიტუციას არღვევს, სწორი არაა. ზურაბიშვილი კონსტიტუციას იცავს, რადგან კონსტიტუციაში პირდაპირ გვიწერია საქართველოს სტრატეგიული მიმართულებები. კონსტიტუციას ესენი არღვევენ, როდესაც ზურაბიშვილს კონსტიტუციის ამ პირობების შესრულების საშუალებას არ აძლევენ. შეიძლება პროცედურულად არღვევს [ზურაბიშვილი], მაგრამ კონსტიტუციას არსებითად იცავს“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს დასავლეთიდან მმართველი გუნდის აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება მიღებული არაა და ახლა დასავლეთში ორი ბანაკი იბრძვის.

„დასავლეთში ახლა ორი ბანაკია. ერთი, რომელსაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ აწყობს, რადგან ეს იქნება რუსული ტროას ცხენი ევროკავშირის კონტექსტში და საქართველომ ასეთი ფორმით, კანდიდატის სტატუსითაც კი შეიძლება დღის წესრიგი აურიოს ევროკავშირს. მეორე მიმართულება კი შემდეგი: „ქართული ოცნება“ არაა მთელი საქართველო და მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ქართველ ხალხს მაინც უნდა მივანიჭოთ, რადგან ახლა თუ არ მივანიჭებთ, ვკარგავთ საქართველოს და რუსეთი მთლიანად მოიცავს საქართველოსა და კავკასიას; თუ ჩვენ საქართველოს კანდიდატის სტატუსს ვაძლევთ, ამით ჩვენ შანსებს ვაძლევთ ქართველ საზოგადოებას, 7-8 მარტის გმირებს, ოპოზიციას და ჩვენც ვიტოვებთ შანსს, „ქართულ ოცნებას“ მოვთხოვოთ შემდეგი პირობები, რომელსაც წავუყენებთ საქართველოს სტატუსის მიცემის შემდეგ. ასე რომ, ჯერ არაა გადაწყვეტილი, რომელი მხარე გაიმარჯვებს. ორი მხარე იბრძვის. უფრო მეტად საქართველოს დამცველები იბრძვიან, რადგან სკეპტიკოსებს აქვთ არგუმენტები: „საქართველო რაში გვჭირდება, ეს ხომ „ორბანიზაცია“ იქნება, ერთი ორბანი არ გვეყოფა?“. ყველა ამბობს, დაველოდოთ არჩევნებსო და არჩევნების შემდეგ, თუ „ქართული ოცნება“ გაიმყარებს პოზიციებს, ე.ი. ქართველი ხალხი მაინც მიჰყვება „ქართულ ოცნებას“, ხოლო თუ ქართველი ხალხი მოახერხებს და შეარყევს „ქართული ოცნების“ მმართველობას, მერე ვილაპარაკოთ კანდიდატობის სტატუსზეო“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

გარდა ამისა, ზაქარეიშვილმა შეაფასა უკრაინისთვის და სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების თარიღის დათქმის თაობაზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის ინიციატივა და განაცხადა, რომ ეს იდეა კარგია. მისი თქმით, თარიღის დაწესება არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მოგვცემენ გაწევრიანებაზე თანხმობას, ან საბოლოოდ უარს გვეტყვიან, რადგან ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ესა თუ ის დავალება სახელმწიფომ კონკრეტულ თარიღამდე უნდა შეასრულოს.

„თარიღი ძალიან კარგია. თარიღის დაწესება არ ნიშნავს, რომ აუცილებლად იმ თარიღში შესრულდება ყველაფერი. თარიღის დაწესება ნიშნავს, რომ თარიღამდე უნდა მოასწროს ამა თუ იმ სახელმწიფომ პირობების შესრულება. თუ თარიღი არ დაუწესეს, გაიწელება წლები, ხოლო როდესაც თარიღი დაწესებულია, სახელმწიფო და ხალხი მეტად მობილიზებული და მოტივირებული იქნება, შეასრულოს ესა თუ ის დავალება. თუ ვერ შეასრულებენ, კიდევ გადაუვადებენ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება. ამასთან, მმართველი პარტია, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დასადასტურებლად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით