მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2023 დასრულდა

მრავალეროვნული საერთაშორისო სამხედრო სწავლება Agile Spirit 2023 ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ოფიციალურად დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლების დახურვის ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ინფორმაციის თანახმად, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს სამხედროებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას.

„სწავლების დაგეგმვისა და ჩატარების საქმეში მხარდაჭერისთვის მან მადლობა გადაუხადა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - აშშ-ს და მონაწილეებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა. სიტყვით გამოვიდნენ თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი ჯოზეფ ჯერარდი.

სწავლების ოფიციალურ დახურვამდე ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა. განხორციელდა რეიდის, ბლოკირებისა და კონტრშეტევის ოპერაციები. საჩვენებელ სწავლებაში თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონთან ერთად, აშშ-ის ეროვნული გვარდიის, საზღვაო ქვეითების საინჟინრო, ასევე, რუმინეთისა და მოლდოვის ქვეითთა ოცეულები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების დასასრულს, სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით, სამახსოვრო დაფებითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. სწავლების დახურვას მონაწილე ქვეყნებიდან მაღალი რანგის სამხედრო პირები, საქართველოს თავდაცვის ძალების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველომ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული“ (Agile Spirit) უკვე მეთერთმეტედ უმასპინძლა. Agile Spirit 2023 მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის ძალებს, აშშ-ის გაერთიანებულ ძალებს, მოკავშირეებსა და პარტნიორ ძალებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა