უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახალხო დეპუტატებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ კანონპროექტებს, რომლებიც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.
„მომდევნო თვეებში უკრაინამ რამდენიმე ძალიან კონკრეტულ შედეგს უნდა მიაღწიოს, კერძოდ, ჩვენი სტრატეგიული პოლიტიკური მიზანია ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინას ევროკომისიისგან შვიდი კონკრეტული რეკომენდაცია აქვს, მათი ნაწილი განხორციელდა, ნაწილზე კი საჭიროა დროული და ეფექტური მუშაობა.
"ზოგიერთი მათგანი უკვე განვახორციელეთ. მეორე ნაწილისთვის საჭიროა უკრაინის უმაღლესი რადას ეფექტური მუშაობა. დროული მუშაობა, რაზედაც შევთანხმდით ევროკომისიასთან. კანონი ელექტრონული დეკლარაციების აღდგენის შესახებ, ცვლილებები ეროვნულ უმცირესობათა შესახებ კანონში და კანონი პოლიტიკურად აქტიური პირების შესახებ (politically exposed persons). მოვუწოდებ უკრაინის სახალხო დეპუტატებს, არ გადადონ ეს გადაწყვეტილებები, ძირი არ გამოუთხარონ უკრაინას და მხარი დაუჭირონ ჩვენს ევროინტეგრაციას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.