შალვა პაპუაშვილი - ეს იყო კონსტიტუციის განზრახ დარღვევა, ვინაიდან პრეზიდენტმა თანხმობისთვის მთავრობას მიმართა, უარი მიიღო და მიუხედავად უარისა, მაინც გაემგზავრა

ეს იყო კონსტიტუციის განზრახ დარღვევა, ვინაიდან პრეზიდენტმა თანხმობისთვის მთავრობას მიმართა, უარი მიიღო და მიუხედავად უარისა, მაინც გაემგზავრა, რაც კონსტიტუციის განზრახ დარღვევა გახლავთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის საკითხს ნაკლები ემოციებით უნდა შეხედონ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმითვე, პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციებში შეიჭრა.

„რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, მე მგონი, ნაკლები ემოციებით და საღად უნდა შევხედოთ ამ საკითხს. რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, მაგრამ რა დისკუსიასაც ვაკვირდები, არავინ უარყოფს, რომ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტის განხორციელება კონსტიტუციის დარღვევა იყო, ეს ერთი. მეორე, ეს იყო კონსტიტუციის განზრახ დარღვევა, ვინაიდან პრეზიდენტმა ამ თანხმობისთვის მთავრობას მიმართა, უარი მიიღო და მიუხედავად ამ უარისა, მაინც გაემგზავრა ამ ვიზიტზე, რაც განზრახ დარღვევა გახლავთ. მესამე, ეს გახლავთ, კონსტიტუციის არსებითი დარღვევა, რადგან საქმე გვაქვს ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციებში შეჭრაში, როცა ცალსახად განსაზღვრას კონსტიტუცია, რომ მთავრობის თანხმობა უნდა იყოს და ამ თანხმობის არმიღების მიუხედავად, ამ კომპეტენციის განხორციელება და საქართველოს საგარეო წარმომადგენლობის განხორციელება ხდება. ჩვენი გადმოსახედიდან, ამ მხრივ არის ეს სერიოზული დარღვევა, აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, იმპიჩმენტის პროცესის ინიცირება მოხდეს. რაც შეეხება შემდეგ პროცესს, წარდგინება მომზადდება, იცით, რომ 50 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო, რათა ეს წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს გაეგზავნოს, ეს მალევე მოხდება, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი თვე აქვს იმისთვის, რომ საკუთარი სამართლებრივი დასკვნა შეადგინოს ამ საკითხთან დაკავშირებით და პარლამენტს მიაწოდოს. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩათვლის, რომ სამართლებრივად საქმე გვაქვს კონსტიტუციის დარღვევასთან, პარლამენტში უკვე კენჭისყრა იქნება იმპიჩმენტთან დაკავშირებით. ოპოზიციის კომენტარები მოვისმინე, რომ არ აპირებენ მხარი დაუჭირონ, მაგრამ კენჭისყრა იქნება და მაშინ მოუწევთ ამ გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, დაიწყებს თუ არა აღნიშნული საკითხით ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან ვაჭრობას, პაპუაშვილი ასე პასუხობს:

„ვერ გეტყვით, რას აპირებს ოპოზიცია, რომელიც თავად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. შეგახსენებთ, ეს ის ოპოზიციაა, რომელიც არჩევნებს არ აღიარებდა, არათუ კონსტიტუციას, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმაციას აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ. რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი, რომ ისინი კონსტიტუციის სადარაჯოზე დადგებიან, არ გვაქვს. „ნაციონალური მოძრაობა“ თავად არის ამ ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ძალა, რომელიც თავს ხშირად კონსტიტუციის მიღმა აყენებს, ამიტომ მათი მხრიდან კონსტიტუციის რაიმენაირი მხარდაჭერა ნაკლებად წარმოსადგენია. რაც შეეხება შესაძლო ვაჭრობას ხმებთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით ვერ გეტყვით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, იმის ფონზე, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება, ევროპაში პრეზიდენტის ვიზიტების დაბლოკვა რამდენად სწორია, პარლამენტის თავმჯდომარე ასე პასუხობს:

„მნიშვნელოვანია, ასეთ მანიპულაციებს არ ავყვეთ, თითქოს, ვინმე ვინმეს ბლოკავს. ბლოკავს ნიშნავს, რომ ინსტიტუტს აქვს რაღაც უფლება, რომლის წართმევაც ხდება. სინამდვილეში ასეა - საგარეო ურთიერთობაში წარმომადგენლობის და საგარეო პოლიტიკის განხორციელების მხრივ ექსკლუზიური უფლებამოსილება მთავრობას აქვს და მთავრობამ უნდა მისცეს თანხმობა, რომ პრეზიდენტმა საგარეო პოლიტიკაში წარმომადგენლობა განახორციელოს. აქ პირიქით ხდება, პრეზიდენტი მთავრობის კომპეტენციაში იჭრება, მაშინ, როცა მისი თანხმობის გარეშე ახორციელებს ასეთ ვიზიტებს. საქართველო საგარეო ურთიერთობაში ერთი ხმით უნდა გამოდიოდეს და ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაში, ერთი ხმით გამოსვლა არ ხდება. ქართველმა ხალხმა პარლამენტის გავლით მისცა სწორედ მოქმედ მთავრობას უფლება, მან წარმოადგინოს ქართველი ხალხი საგარეო ურთიერთობაში და ამ საგარეო ურთიერთობაში, პოლიტიკა, სტრატეგია, ტაქტიკა დაგეგმოს საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტის მითითების შესაბამისად. ეს ერთი ხმა უნდა ჟღერდეს გარეთ და დისონანსის შემოტანა არის პირიქით, რაც კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში