აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთის შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევას მიესალმება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აღნიშნული განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის შედეგების კომენტირებისას გააკეთა.
„ჩვენ მივესალმებით თურქეთისა და სხვა ქვეყნების ძალისხმევას, რომელიც მარცვლეულის შეთანხმებაში რუსეთის დაბრუნებასთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვაგრძელებთ გაეროსთან და თურქეთთან თანამშრომლობას იმისთვის, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა შესაძლო და ფუნქციური გავხადოთ“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ აშშ მადლობას უხდის თურქეთს ახალი შეთანხმების დადებისკენ მიმართული „მნიშვნელოვანი დიპლომატიური და ოპერატიული ძალისხმევისთვის“.