რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი აფასებს სომხეთთან კონსტრუქციულ ურთიერთობებს, მაგრამ შეუძლებელია დაეთანხმოს პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თეზისებს რუსი სამშვიდობოების მისიის ჩავარდნის შესახებ.
„რუსეთი ამ რეგიონის აბსოლუტურად განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ის ვერსად წავა. რუსეთს არ შეუძლია სომხეთის დატოვება“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ „რუსეთში უფრო მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე თავად სომხეთში“, რომელთა უმეტესობა რუსეთის ფედერაციის პატრიოტი მოქალაქეა და ღირსეული წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში.
ცნობისთვის, მანამდე ნიკოლ ფაშინიანმა იტალიურ გაზეთ La Repubblica-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა, რომ რუსეთი თითქოს თავად შორდება ყარაბაღს.