საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ვოლოსში კოკისპირული წვიმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, დატბორილია ასობით სახლი და გზა.
ინფორმაციას ბერძნული სააგენტო Ekathimerini ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კოკისპირული წვიმა ჭექა-ქუხილით ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში უკვე 10 საათი გრძელდება და მოსალოდნელია, რომ კიდევ 24 საათს გასტანს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქის მთავარ მაგისტრალებზე საკუთარ ავტომობილებში დაბლოკილია ასობით ადამიანი, პელიონის მთიდან წყლის უზარმაზარი რაოდენობაა ჩამოსული, სადრენაჟო სისტემები ასეთ მოცულობას ვერ უმკლავდება.
ადგილობრივი ხელისუფლების შეშფოთებას ასევე კრაფსიდონასის ნაკადში წყლის დონის მომატება იწვევს, რომელმაც 3 მეტრს გადააჭარბა და მეზობელი რაიონებისთვის საფრთხეს ქმნის.
რაიონში ყველა საავტობუსო რეისი გაუქმდა.