პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების მთავარი მიზანია საზოგადოებამ გაიგოს, რომ კონსტიტუცია ქვეყანაში მთავარი კანონია და ის არ უნდა დაირღვეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„დაიწყება პროცედურა, ჩავაბარებთ, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს ეტაპი უნდა გაიაროს, მაგრამ ერთი რამაა მნიშვნელოვანი, საზოგადოებას დავანახოთ, რომ კონსტიტუცია მართლაც არის მთავარი კანონი ქვეყანაში და მისი დარღვევა არ უნდა ხდებოდეს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ მთავრობასთან შეუთანხმებელი საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებელ, თავნება წარმოების ელემენტებზე, აქ საუბარია იმაზე, რომ რეალურად არსებობს საქართველოსთვის ხელშემშლელი ფაქტორების შექმნის მთელი ჩამოყალიბებული სტრატეგია, რასაც ოპოზიცია მიმართავს. ამ კონტექსტში სალომე ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებული ფორმულა, რომ მთავრობა არ იმსახურებს და საზოგადოება იმსახურებს, კიდევ სხვა მუხლის დარღვევაცაა, რომელსაც ევროინტეგრაციის საკითხებზე ვალდებულებები აქვს გათვალისწინებული კონსტიტუციაში. ასე რომ, თვალთმაქცური ფორმულირება, რომ საზოგადოება, რომელმაც აირჩია მთავრობა უმრავლესობით, იმსახურებს და მთავრობა არ იმსახურებს, ეს არ არის არც ევროკავშირისთვის მისაღები ფორმულა და რასაკვირველია, არც ჩვენი საზოგადოებისთვის",- განაცხადა გია ვოლსკიმ.