რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს.
უწყების ინფორმაციით, ერთი დრონი მოსკოვის ოლქში, ორი კი როსტოვის ოლქში გაანადგურეს.
„აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე სამი უპილოტო საფრენი აპარატით. საჰაერო თავდაცვამ სამი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. მათგან ორი როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე და ერთი მოსკოვის ოლქში“, - აცხადებენ უწყებაში.
მანამდე, როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა განაცხადა, რომ დონის როსტოვში საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი დრონი გაანადგურეს. ერთი მათგანი გარეუბანში ჩამოვარდა, მეორე - ცენტრში, რის შედეგადაც სამი კორპუსის ფასადი და ავტომობილები დაზიანდა და ერთი ადამიანი დაშავდა.