ჩვენდა სამწუხაროდ, საუკეთესო ფორმაში არ აღმოვჩნდით ამ ისტორიულ შესაძლებლობის დროს, როდესაც ევროპის და ევროკავშირის კარი ჩვენთვის ღიაა - ჩვენ შევხვდით ამ მდგომარეობას ხელისუფლების მხრიდან გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდით და რიტორიკით, ჩვენ შევხვდით დასუსტებული ოპოზიციური პარტიებით , - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, „საქართველოს ევროპული ორბიტას“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ პლატფორმის საჯარო ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია არ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ მოლოდინებს.
“ უნდა ითქვას, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, საუკეთესო ფორმაში არ აღმოვჩნდით ამ ისტორიული შესაძლებლობის დროს, როდესაც ევროპის და ევროკავშირის კარი ჩვენთვის ღიაა. ჩვენ შევხვდით ამ მდგომარეობას ხელისუფლების მხრიდან გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდით და რიტორიკით, ჩვენ შევხვდით დასუსტებული ოპოზიციური პარტიებით. როგორც ვსაუბრობდი, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან და აქტიურობიდან იზოლირებული სამოქალაქო ინიციატივებით, საზოგადოებრივი ხმა ამ სივრცეში დაკარგულია. მხოლოდ პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგი ისმის, რაც ხშირად არ პასუხობს საზოგადოებაში მიმდინარე მოლოდინებს და სურვილებს. ასევე, რეკომენდაციების შესრულების კუთხით, ალბათ, ვერ დავიკვეხნით, რომ საუკეთესო მდგომარეობა გვაქვს.
სამწუხაროდ, გარკვეულ ექსპერტულ წრეებში, თუ პოლიტიკურ აქტორებში ჟღერდება პოზიცია, იქნებ უმჯობესია ახლა არ მიიღოს ქვეყანამ სტატუსი, ახლა არ ვიმსახურებთ. მიმაჩნია, რომ ეს არის საკითხი, რაც უნდა იდგეს ვიწრო პოლიტიკური ინტერესების და დღის წესრიგის მაღლა. როდესაც წლები გავა, ჩვენი მომავალი თაობა არ გვკითხავს როგორი პოლიტიკური ვითარება იყო, ვის ვინ მოსწონდა, ისინი გვკითხავენ, სად ვიყავით ჩვენ, რა გავაკეთეთ ამ ქვეყნის მოსახლეობის 85-მა პროცენტმა, ვისაც ევროპული ინტეგრაცია გვინდა. ვფიქრობ, საფუძვლიანია ის შიში, ძლიერი შიში, რაც საზოგადოებაში გაჩნდა, რომ ჩვენ ვუყურებთ საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილებას, ეს არ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ მოლოდინებს”, - აღნიშნა ლომჯარიამ.
ამასთან აღნიშნა, რომ აპირებენ მთელი საქართველოს მასშტაბით შეაგროვონ “ქართველი ხალხის ევროპული ხმები”.
“ ეს იქნება სიმბოლური აქტი, გვინდა ეს ხმები და სურვილები ევროკავშირში ჩავიტანოთ. ვგეგმავთ შეხვედრებს ბრიუსელში”, - აღნიშნა ლომჯარიამ.