შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი უარყოფს რუსეთის ბრალდებებს, რომ გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვები, რომელსაც აშშ უკრაინას გადასცემს, კიბოს და სხვა დაავადებებს იწვევს.
„აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ გაღარიბებული ურანი იწვევს კიბოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება, რომ არ დაფიქსირებულა ლეიკემიის ან სხვა სიმსივნეების მატება ურანის ზემოქმედების შემდეგ“, - განაცხადა პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ, საბრინა სინგმა.
მისი თქმით, საბრძოლო მასალები არის სტანდარტული ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები, რომლებიც გამოიყენება Abrams-ის ტანკებით.
„ტანკებში გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებს მსოფლიოში ბევრი სამხედრო იყენებს. ვგრძნობთ, რომ ეს იქნება ყველაზე ეფექტური ჭურვები რუსულ ტანკებთან დასაპირისპირებლად", - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, 6 სექტემბერს, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 175 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც მოიცავს საბრძოლო მასალას გაღარიბებული ურანით. რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საბრძოლო მასალის გამოყენება კიბოს და სხვა დაავადებების შემთხვევების ზრდას გამოიწვევს.