უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ცივილიზებული მსოფლიოს მიზანი რუსეთის შეჩერება უნდა იყოს.
„2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრის დაუსჯელობამ გამოიწვია ყირიმის ოკუპაცია 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციის დაუსჯელობამ დონბასის ოკუპაცია, დონბასის ოკუპაციის დაუსჯელობამ დაუშვა რუსეთის აგრესიული ინტერვენცია სირიაში, სირიის დაუსჯელობამ და ყირიმისა და დონბასის მიმართ უყურადღებობა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვია - ასობით ათასი დაღუპული ადამიანი, მილიონობით ლტოლვილი და ჰუმანიტარული და ეკოლოგიური კატასტროფები. გვინდა ეს სია გაფართოვდეს?", - აღნიშნავს რეზნიკოვი.
მისივე თქმით, რუსეთის ამბიციები უკრაინაზე არ შეჩერდება, პირიქით, გაიზრდება და აღმოსავლეთ ევროპაში ახალ დიდ ომს გამოიწვევს.
„მისი ამბიციები უკრაინაზე არ შეჩერდება. მჯერა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის რესურსების მოპოვების უფლება მხოლოდ გაზრდის კრემლის ამბიციებს და გამოიწვევს ახალ დიდ ომს აღმოსავლეთ ევროპაში, რომელშიც აუცილებლად ჩაერთვება ნატო", - აცხადებს უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
რეზნიკოვი უკრაინის პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უცხადებს და ხაზს უსვამს, რომ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ცივილიზებული მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილებას.
„უნდა გააცნობიეროთ, რომ პასუხისმგებელი ხართ კაცობრიობის მთელ მომავალზე; ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ იმოქმედოთ გადამწყვეტად. რუსეთი და მისი პარტნიორები დაუპირისპირდნენ არა მხოლოდ ერთი ევროპული ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, არამედ მთელ მსოფლიო წესრიგს. შეძლებს თუ არა ცივილიზებული მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილებას, დამოკიდებული იქნება რუსეთის ქმედებების მიმართ მის პასუხზე და იმაზე, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. ამ გამარჯვების რეცეპტი ნათელია: ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რუსული ჯარების გაყვანა, ომის დამნაშავეების დასჯა, რეპარაციები, საერთაშორისო სამართალში ცვლილებების შეტანა, რაც მომავალში მსგავსი აგრესიის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს და უკრაინის მონაწილეობა საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურაში", - აცხადებს რეზნიკოვი.
ამასთან, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მის მემკვიდრეს კომპეტენტურ და პროფესიონალ პიროვნებას უწოდებს.
„მინდა გთხოვოთ, კიდევ უფრო მეტად დაუჭიროთ მხარი ჩემს მემკვიდრეს. რუსტემ უმეროვი არის კომპეტენტური და პროფესიონალი პიროვნება, რომელსაც შეუძლია გააგრძელოს ჩვენ მიერ წამოწყებული ინიციატივები. ერთად დააჩქარებთ უკრაინის გამარჯვებას. ჩემთვის პატივი იყო ის, რომ ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას და ვმუშაობდი თქვენთან ერთად. დიდება უკრაინას!"- აცხადებს რეზნიკოვი.