ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე არ ვუერთდებით  რეზოლუციებს და განცხადებებს - ვითვალისწინებთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და საფრთხეებს - დამერწმუნეთ, მხოლოდ ეს მოტივაცია გვაქვს!

ჩვენ არაღიარების პოლიტიკა განსაზღვრული გვაქვს, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. შესაბამისად, იმ რეზოლუციებს და განცხადებებს, რომელსაც ჩვენ არ ვუერთდებით, ამას სწორედ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ. იმიტომ, რომ ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას, საფრთხეებს და რისკებს ვზომავთ. დამერწმუნეთ, მხოლოდ ეს მოტივაცია გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საქართველო 500-ზე მეტ რეზოლუციას შეუერთდა.

„მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველო არ არის დღეს არც ნატოს წევრი ქვეყანა და არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა დღეს მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვით და გათვალისწინებით. ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული. ჩვენ არაღიარების პოლიტიკა განსაზღვრული გვაქვს, როგორც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი საგარეო პოლიტიკის. შესაბამისად, იმ რეზოლუციებს და განცხადებებს, რომელსაც ჩვენ არ ვუერთდებით, სწორედ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ ამას. იმიტომ, რომ ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას, საფრთხეებს, რისკებს ვზომავთ და დამერწმუნეთ, მხოლოდ ეს მოტივაცია გვაქვს. სხვა შემთხვევაში, რაც უკავშირდება ზოგადად საკითხებს, რომელიც უკავშირდება რუსეთის შეჭრას უკრაინაში, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ჩვენ სრულად ვუერთდებით და ვართ ერთ აზრზე ევროკავშირთან ერთად. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ 500-ზე მეტ რეზოლუციას შევუერთდით, მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, კონკრეტული პირების მიერ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია „თითქოს საქართველო სანქციებს არღვევს“.

„სანქციებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია. აი, ამ პოლიტიკური ძალის, რომელსაც ეს ტელევიზია წარმოადგენს. მათი ლობისტების, მათი ინტერესჯგუფების მიერ დაფინანსებული კამპანიები მთელ მსოფლიოში, რომ თითქოს საქართველო სანქციებს არღვევს. რეალობა აღმოჩნდა შემდეგი, რომ როცა თქვენი წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში, ასევე ამერიკის სანქციების მთავარი წარმომადგენელი და ასევე, ბრიტანეთის წარმომადგენელი, მათ ხმამაღლა და ღიად თქვეს, რომ საქართველო სრულად ასრულებს ამ ვალდებულებებს და სანქციების დარღვევის არც ერთი მაგალითი არ დაფიქსირებულა. აი, ეს არის მაგალითი სიცრუესა და სიმართლეს შორის. სიცრუეს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი მიზანი, ეს მიზანია ქვეყნის დისკრედიტაცია, მათი მიზანი არის ის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანა კიდევ ერთხელ დავაახლოოთ ევროკავშირს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთთან ფენების აღდგენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „საქართველოში არც ერთი სანქცირებული ავიაკომპანია და არც ერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ დაფრინავს“. მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც „აბსოლუტურად სუფთად და გამჭვირვალედ მუშაობს“.

„რაც შეეხება რუსეთთან ფრენების აღდგენას, ჩვენ ამის თაობაზე მკაფიოდ განვმარტეთ, რომ საქართველოში არც ერთი სანქცირებული ავიაკომპანია და არც ერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ იფრენს და არ დაფრინავს. ასე რომ, აქაც ჩვენ ვიცავთ ჩვენ დისციპლინას და აბსოლუტურად სუფთად და გამჭვირვალედ ვმუშაობთ.

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ბოლო სამი წელი იზრდება ძალიან სწრაფად, ჩვენ ვართ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში, ბოლო ორი წელი გვქონდა 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა ჩვენ გვაქვს 7%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა. ინფლაცია არის დარეგულირებული - 0,9-ზე არის ინფლაცია.უმუშევრობა, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე. ქვეყნის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე. ქვეყანა ძლიერდება, ვითარდება, მდიდრდება. ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება და მოვალეობა, ჩემი როგორც მთავრობის მეთაურის, რომ ქვეყანა დავიცვათ და გავაძლიეროთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო