ჩემი აზრით, ევროკომისიას უკვე რამდენიმე თვეა გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ვინაიდან ყველა შეხვედრაზე, რომელსაც ვმართავთ, ოპტიმისტური გზავნილით მოვდივართ, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსს მოვიღებთ, თუ საქართველოს ხელისუფლებამ წლის ბოლომდე მორიგი „რუსული კანონისმაგვარი“ სიურპრიზი არ შესთავაზა ქვეყანას, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ხიდაშელის აზრით, ამ ეტაპზე საუბარი მიმდინარებს იმაზე, თუ რა პირობებითა და დათქმებით მიანიჭებენ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
„ჩემი აზრით, აქ საუბარი იმაზე არ არის, სტატუსს მოგვცემენ თუ არა. ჩემი აზრით, საუბარია იმაზე, გამომდინარე რუსული საფრთხეებიდან, ჩინური საფრთხეებიდან, როგორი უნდა იყოს პირობების პაკეტი საქართველოსთვის“, - განაცხადა ხიდაშელმა.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, როგორც თინა ხიდაშელი აცხადებს, აღნიშნული თემის წინ წამოწევა საქართველოს ევროინტეგრაციის გზასთან აშორებს.
„ხელისუფლების წარმომადგენლები საჯარო სივრცეში ლაპარაკობენ, რომ ზურაბიშვილი იმიტომ არ გაუშვეს თურმე, რომ საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს. ბატონ ბორელთან შეხვედრაზე მათ ეს არ უთქვამთ. ბორელთან შეხვედრაზე მათ უთქვამთ თურმე, რომ ჩვენ კი ვიცით, რომ პრეზიდენტი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მომხრეა, მაგრამ არ ვიცით, რა ფორმით მიაწვდის ამას საერთაშორისო თანამეგობრობას და მაინც გვინდა, რომ რისკები დავაზღვიოთო. ანუ, იმის გამბედაობაც არ ჰყოფნით, რომ ბოლომდე იდგნენ იმ პოზიციაზე, რომელსაც ხშირად ამბობენ ხოლმე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ პრესკონფერენციის ფონზე საქართველოს ხელისუფლება დაფიქრდება და ამ სრულიად სამარცხვინო ნაბიჯს საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოითხოვს“, - განაცხადა ხიდაშელმა.