უკრაინის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ უკრაინელები ზაპოროჟიეს ოლქში შეტევას აგრძელებენ და რობოტინოსთან კიდევ 1.5 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის ძალები ზაპოროჟიეს ოლქში შეტევას აგრძელებენ, ბოლო დღეებში მათ, სოფელ რობოტინოსთან, კიდევ 1.5 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის დეოკუპაცია შეძლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების ტავრის მიმართულების პრესცენტრის წარმომადგენელმა, ალექსანდრე შტუპუნმა განაცხადა.
„ვაგრძელებთ მცირე წინსვლას რობოტინოს რაიონში. ჩვენი უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 1.5 კვადრატული კილომეტრი გათავისუფლდა", - აღნიშნა ალექსანდრე შტუპუნმა.
მისი თქმით, ზაპოროჟიეს მიმართულებით მძიმე ბრძოლები გრძელდება.
"ვერ ვიტყვით, რომ მტერი გარბის, ყველაფერი მძიმე ბრძოლებით მიმდინარეობს. ვცდილობთ, მაქსიმალურად გავართულოთ მათი მომარაგება და ეს გარკვეულ ტერიტორიაზე ნაყოფს იძლევა“, - განაცხადა შტუპუნმა.

























