კახა კალაძე - თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები პატივს უნდა სცემდნენ ქვეყანას, კონსტიტუციას და კანონს - კუბილიუსი ქვეყნის უფროსი ვერ იქნება, მისი მსგავსი ტიპაჟები საქართველოს მტრები არიან

უპირველესად, თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები უნდა სცემდნენ პატივს ქვეყანას, კონსტიტუციას და კანონს - როდესაც თანამდებობის პირი არღვევს მას, ეს ძალიან მძიმე, სამწუხარო და გულდასაწყვეტია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და კონსტიტუციის დაცვა ქვეყნისთვის ვალდებულებაა.

„ყველამ ძალიან კარგად უნდა დავიმახსოვროთ ერთი რამ, რომ თანამდებობის პირები, პოლიტიკოსები, ვისაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნისა და ხალხის წინაშე, პირველები უნდა ვიყოთ ისინი, ვინც პატივს სცემს საკუთარ ქვეყანას, საკუთარ კონსტიტუციას, კანონებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე, სამწუხარო და გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც კონსტიტუციის დაცვა პირველს ევალება, გამოდის და არღვევს მას. მე ბატონი ბორელის მესმის, მაგრამ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და კონსტიტუციისა და კანონების პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია და ვალდებულებაა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განმარტებით, დღევანდელი მოცემულობით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის მიყვანა ბოლომდე შეუძლებელია.

„რაც შეეხება იმპიჩმენტის გაგრძელებას, ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ მისი ბოლომდე მიყვანა დღევანდელ მოცემულობაში შეუძლებელია, თუმცა ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ პატივი ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, კანონებს და არავის უნდა მიეცეს უფლება, რომ გადააბიჯოს ამ ყველაფერს“,- აღნიშნა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში დაწყებული პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი ევროინტეგრაციას აზიანებს. როგორც კალაძემ აღნიშნა, ქვეყნის ევროპულ მომავალს კონსტიტუციისა და კანონის უპატივცემულობა აზიანებს.

„ყველაზე მეტად, რაც ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციას და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს აზიანებს, შენი ქვეყნის მიმართ უპატივცემულობაა. დამაზიანებელია კონსტიტუციის, კანონის, შენი ქვეყნის და ხალხის უპატივცემულობა“, - აღნიშნავს კახა კალაძე.

ამასთან, როგორც თბილისის მერმა ჟურნალისტებს ევროპარლამენტარ, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, „კუბილიუსი ქვეყნის უფროსი ვერ იქნება და მისი მსგავსი ტიპაჟები საქართველოს მტრები არიან“.

„კუბილიუსები და მსგავსი ტიპაჟები, პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ ქვეყნისა და საქართველოს ევროპული მომავლის მტრები არიან. ამ ადამიანებს, კუბილიუსებს და მსგავს ელემენტებს, საერთოდ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის მომავალი, ჩვენი ევროინტეგრაცია. მათ აქვთ ერთადერთი ინტერესი - „ნაციონალური მოძრაობა. კუბილიუსი ვერ იქნება ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსი ჩვენი მოსახლეობაა“,- განაცხადა თბილისის მერმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო