ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2023

პოლიტიკური გარიგება რეალურია? - ოპოზიციაში სერიოზულად შიშობენ, რომ იმპიჩმენტის საქმეში "ოცნებამ" ხალხი მათი რიგებიდან გადაიბიროს

სტუმარმასპინძლობის ბიზნესში “ომის მიგრანტებმა” ფეხი მყარად მოიკიდეს

“ოცნებამ” იცის, რომ თვითონ არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ოპოზიცია კიდევ უფრო მეტი არარაობაა”... - პაატა ზაქარეიშვილი

* * *

პოლიტიკური გარიგება რეალურია? - ოპოზიციაში სერიოზულად შიშობენ, რომ იმპიჩმენტის საქმეში "ოცნებამ" ხალხი მათი რიგებიდან გადაიბიროს

“ოცნებას“ ახლა 100 დეპუტატის ხმა სჭირდება იმისთვის, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი შეძლოს. ვინ შეიძლება დაეხმაროს მმართველ ძალას და მოხდება თუ არა შესაძლო პოლიტიკური გარიგება? ეს კითხვა ოპოზიციაში აქტიურად ისმის და არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ მათსავე რიგებიდან შეძლოს დეპუტატების გადაბირება, რათა სასურველი 100 ხმის მოგროვება შეძლოს. როგორც ორბელიანების სასახლიდან გამოსული ოპოზიცია ღიად ამბობს, სალომე ზურაბიშვილს რეალურად მიაჩნია, რომ მისი იმპიჩმენტისთვის მმართველი პარტია საჭირო ხმების მობილიზებას შეძლებს. “მოქალაქეების” ლიდერი ეჭვობს, რომ “ოცნებას” სასურველი გადაწყვეტილების მიღებაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დაეხმარებიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პოლიტიკური გარიგება რეალურია? - ოპოზიციაში სერიოზულად შიშობენ, რომ იმპიჩმენტის საქმეში "ოცნებამ" ხალხი მათი რიგებიდან გადაიბიროს.

“ამ პოზიციას იზიარებენ გიორგი გახარიას გუნდშიც და ფიქრობენ, რომ შესაძლო პოლიტიკურ გარიგებაში მთავარი ეჭვმიტანილი სწორედ ლევან ხაბეიშვილის გუნდია. იგივე პოზიცია აქვს “გირჩის” წევრს იაგო ხვიჩიას. ბრალდების საპასუხოდ კი ენმ-ის წევრმა “მიყიდულები” უწოდა კოლეგა ოპოზიციონერებს. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრიდან გამოსულმა ანა წითლიძემ თქვა, რომ ეჭვების გასაქარწყლებლად “ნაციონალური მოძრობა” მზადაა პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრას სხდომათა დარბაზში საერთოდ არ დაესწროს. “ნაციონალური მოძრაობის” კოლეგა პარტიებში მიაჩნიათ, რომ ხაბეიშვილის გუნდიდან ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს “ოცნების” შეთავაზებაზე იქნება დამოკიდებული. პოლიტიკურ პარტიებს ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციის მიმართ უნდობლობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის შემდეგ გაუღრმავდათ. ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი მისი იმპიჩმენტის საკითხს მშვიდად უყურებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ნაკლებად ფიქრობს ქალბატონი ზურაბიშვილი, ვინ მისცემს ხმას და ვინ არა, ვის მოისყიდიან და ვის არ მოისყიდიან. ვერავინ ვერავის გარანტორად ვერ ჩაუდგება, რომ ეს შეიძლება გამოირიცხოს. როგორ შეიძლება, უბრალოდ რამდენიმე ადამიანმა ღილაკს თითი მიაჭიროს და არ თქვას, თუ რატომ დაუჭირა მხარი “ქართულ ოცნებას”. ერთადერთი, მერკანტილური საფუძველი უნდა გაუჩნდეთ ამ ადამიანებს და მათ პირადად უნდა თქვან, რომ ჩვენი საბანკო ანგარიშები გამდიდრდა და ასეთი შემთხვევა მე გამორიცხული მაქვს. მოსაზრება, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში კენჭისყრისას არ შევიდეს, ჩემი აზრით, არის ძალიან მძიმე გასააზრებლადაც კი. იმხელა უნდობლობაა ერთმანეთის, რომ სხდომათა დარბაზში იმ შიშით ვერ შედიხარ, ვიღაცამ ხმა არ მისცეს “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, მაშინ იქ აღარ უნდა იყო,“ - აცხადებს ნიკა მელია. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ “გირჩის” თავმჯდომარე,იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ “ოცნებას” სასურველი გადაწყვეტილების მიღებაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დაეხმარონ”, - განაგრძობს გამოცემა.

“პრეზიდენტი მშვიდად უყურებს ამ საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი არ გამოვრიცხავთ იმას, “ქართულმა ოცნებამ” შეიძლება გადაიბიროს ხალხი ოპოზიციიდან. ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენს გადაიხდიან. ძირითადად, როგორც წესი, ნაცმოძრაობის სიით შესული ხალხია შემჩნეული ამაში. მერე კი ირქმევენ, რომ სხვადასხვა პარტიაში ვართო და ა.შ. მაგრამ მე მათ მაინც ყველას მოფერებით ნაცებს ვეძახი. მე არ მქონია კონკრეტულად საუბარი, ვისზე აქვს მას ეჭვი, უბრალოდ ჩვენ ყველანი ვიცნობთ ჩვენს კოლეგებს და შვიდი კაცის გადაბირება ნაცების გარეშე არ გამოვა. გამოვრიცხავ, რომ ჩემი პარტიიდან ვინმე მოისყიდონ”, - აცხადებს იაგო ხვიჩია. პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არ არსებობს ცივილიზებულ სამყაროში ევროპული ქვეყანა, რომელიც საკუთარ კონსტიტუციას “ასე უდიერად ეპყრობა”. მისივე განცხადებით, პრეზიდენტი მთავარი ოპოზიციონერი გახდა”, - დასძენს გამოცემა.

“პრეზიდენტს გაუჩნდა შიში, რომ იმპიჩმენტი საბოლოოდ აღსრულებაში მოვა. ჩვენ არ გვგონია, რომ ეს ბოლოში გავა და მიუხედავად ამ ფორმალობისა, რადგან ჩვენ 100 ხმა არ გვაქვს, კონსტიტუციის წინაშე ვალდებულებაა, რომ ეს ასე უბრალოდ არ გავატაროთ. თუ იმპიჩმენტს ფორმალური ხასიათი აქვს, ის მაინც უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს ისტორიას დარჩეს, პრევენციული ხასიათის იყოს ის, რაც ჩაიდინა. ყველა, ვინც ასე უდიერად ეპყრობა და მოიხსენიებს კონსტიტუციას, არის პირველი ანტიევროპელი, ის არის საკუთარი ქვეყნისა და კონსტიტუციის მოწინააღმდეგე და ვინც მხარს არ უჭერს სიმართლეს, ის არის კონსტიტუციის დარღვევაში პრეზიდენტის მხარეს, რომელიც არათუ დამაბალანსებელი, პოლარიზაციის შემამცირებელი, არამედ მთავარი ოპოზიციონერი და მთავარი მაპოლარიზებელი გახდა”, - აცხადებს მდინარაძე. ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ მთავრობამ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მხარდასაჭერაად ოპოზიიცის გადაბირება შეძლოს. მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ძალიან ღიად და გამჭვირვალედ უნდა მოქმედებდეს. თუკი მსგავსი ეჭვები ვინმეს მიმართ არსებობს, მათი მხილება უნდა დაიწყონ”, - წერს სტატიის ავტორი.

“კი ბატონო, არაფერია გამორიცხული საქართველოში და მსგავსი რამე ბევრჯერ გვინახავს. ოპოზიციაში ვიღაცა რომ გაიყიდოს, ამაში არაფერი არ იქნება ახალი. ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამაზე დაზღვეულები იყვნენ. თუკი მსგავსი ეჭვები რომელიმე კონკრეტული დეპუტატის მისამართით არსებობს, მისი მხილება უნდა მოხდეს. როცა უკვე გაჩნდა მოსაზრება, რომ მოდი დარბაზში კენჭისყრის დროს არ შევიდეს ოპოზიცია, ესე იგი რაღაცაშია საქმე. მე უბრალოდ ერთი რამ მაინტერესებს, ვაი და მართლა გადააყენეს ან თავად გადადგა, მერე რას აკეთებენ? 2024 წელს ზურაბიშვილმა ახალი პოლიტიკური ძალით არჩევნებში მონაწილეობა რომ მიიღოს? ძალიან ცუდ თამასში არიან შესულები და აქედან რა მოგებას იღებენ, მე ვერ ამოვხსენი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ხელისუფლება დიდ შეცდომას უშვებს, როცა ჰგონია, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დაყენებით მის პოლიტიკურ დისკრედიტაციას მოახდენს. პირიქით, ზურაბიშვილს ამით ხელისუფლება ეხმარება, რომ დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბდეს. არ მესმის საერთოდ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი რაში შეიძლება დასჭირვებოდათ. ეს არის საკუთარი ხელით რომ ცელი გამოისვა და თვითმკვლელობა ჩაიდინო. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ზურაბიშვილზე “ოცნება” ეჭვიანობს, მისი ქცევა ძალიან აღიზიანებთ დასავლეთთან მიმართებაში და უბრალოდ ამით საპასუხო ნაბიჯი გადადგეს. იციან, რომ იმპიჩმენტს ვერ შეძლებენ, მაგრამ ამით გულს იფხანენ. ჰგონიათ ზურაბიშვილის დისკრედიტაციას მოახდენდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა. მის პოლიტიკურ რეიკარნაციას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ხელს უწყობენ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ოცნება” ვერ ახერხებს იმის ნახევარსაც კი წლების განმავლობაში დასავლელ ლიდერებთან კომუნიკაციის კუთხით, რასაც ზურაბიშვილი რამდენიმე დღეში აკეთებს. წარმოიდგინეთ ადამიანი საკუთარი სახსრებით, კონტაქტებით ევროპაში ჩადის და ხვდება ისეთ ლიდერს, როგორც მაკრონია. პირადი კონტაქტებით და ამხელა შეხვედრის ორგანიზება ხდება. ეს მიანიშნებს ერთ რამეზე, რომ დასავლეთი ჩვენ ხელისუფლებაში მხოლოდ ზურაბიშვილს ენდობა. მას იმხელა მხარადჭერა აქვს, რომ ამ დონის ლიდერებიც კი ხვდებიან. ამიტომ გაბოროტებულმა “ოცნებამ” მისი დასჯა გადაწყვიტა. სიტუაცია კი პრეზიდენტმა პირიქით შემოუტრიალა და აქეთ დასცინა. ზურაბიშვილს თავისუფლად შეუძლია დამოუკიდებლად პოლიტიკური კაპიტალი აკირფოს და ქვეყნის შიგნითაც მომხრეების რიგები გაზარდოს”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

სტუმარმასპინძლობის ბიზნესში “ომის მიგრანტებმა” ფეხი მყარად მოიკიდეს

“სტუმარმასპინძლობის ბიზნესში ვითარება შეიცვალა. ე.წ. “ომის მიგრანტებმა” საქართველოს სამასპინძლო სექტორის ათვისება დაიწყეს და ადგილობრივი მუშახელის ადგილი, ფაქტობრივად, თვითონ დაიკავეს. თბილისსა და ბათუმში უკვე უამრავი კაფე და ბარია გახსნილი, სადაც მთლიანად რუსები და უკრაინელები მართავენ პროცესებს. “რეზონანსი” დაინტერესდა არსებული რეალობით და შეეცადა გაერკვია რა ხდება ჰორეკა ბიზნესში და რეალურად უწევენ თუ არა კონკურენციას მიგრანტები ადგილობრივებს. ბიზნესში კადრების ნაკლებობა სხვადასხვა მიზეზით იყო გამოწვეული. დაბალი ანაზღაურების გამო მუშაობის დაწყება ბევრს არ სურდა, ხოლო დამსაქმებელი კვალიფიციურ კადრებს ითხოვდა, რაც პრობლემას წარმოადგენდა. ბიზნეს კონსულტანტ ლევან კობერიძის ინფორმაციით, “ომის მიგრანტებმა” ასეთ ვითარებაში მეტი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს და ბიზნესში თავისუფალი ადგილების ათვისება დაიწყეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სტუმარმასპინძლობის ბიზნესში “ომის მიგრანტებმა” ფეხი მყარად მოიკიდეს / რამდენად უწევენ ისინი კონკურენციას ადგილობრივ ობიექტებს და შეავსეს თუ არა თავისუფალი სამუშაო ადგილები?

“დედაქალაქის და რეგიონის ქალაქების სამასპინძლო სექტორში - კაფეებში, რესტორნებსა და სასტუმროებში ძალიან იმძლავრა ე.წ. ომის მიგრანტების მიერ ქართულის მენეჯმენტის ჩანაცვლებამ, ანუ საქართველოს მოქალაქეების ჩანაცვლება ხდება იმ ადამიანებით, ვინც უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად. ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეები, ვინც ამ ბიზნესს მართავდა, არ აღმოჩნდნენ მზად ამ ელემენტარული კონკურენციის ტალღისთვის და მეორე მხრივ - ის ადამიანები, ვინც თავის დროზე თავის საცხოვრებელ ადგილებზე - რუსეთსა და უკრაინაში მართავდნენ მსგავსი ტიპის დაწესებულებებს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მეტი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს. ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კვალიფიკაციის ნაკლებობას უკავშირდება. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს რეალობაში, ყველა მიმართულებით, კვალიფიციური კადრებისა და პროფესიონალიზმის პრობლემა”, - განაცხადა კობერიძემ “კომერსანტთან” და იქვე დასძინა, რომ ამას გარდა მიგრანტებმა მომსახურების ობიექტებიც კი გახსნეს საქართველოში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მეორე ფაქტორი, რის გამოც მობილიზაციას გამოქცეულმა რუსებმა საკუთარი კაფე-რესტორნები გახსნეს დედაქალაქსა და ტურისტულ რეგიონებში, არის ისიც, რომ ქართულ კვების დაწესებულებებში ისინი მაინც და მაინც კომფორტულად არ გრძნობენ თავს. ამიტომ, გაცილებით კომფორტული აღმოჩნდა მათთვის რუსების კაფეებსა და რესტორნებში სიარული, სადაც არც ის წარწერა დახვდებათ, რომ “რუსეთი ოკუპანტია” და არც უკრაინის დროშა”, - დასძინა კობერიძემ. ფაქტი ერთია, რომ ბიზნესს კადრები სჭირდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჯერ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები გაითვალისწინოს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობს მოსაზრება, რომ მიგრანტებმა დაიწყეს სამუშაო ადგილების ათვისება, ამ აზრს არ ეთანხმება რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე და მდგომარეობას სხვაგვარად უყურებს. იგი სულაც არ ფიქრობს, რომ მიგრანტები ქართველებს კონკურენციას უწევენ, რადგან მომუშავე ემიგრანტების სეგმენტის ნაწილი ქვეყანაში ძალიან ცოტაა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ვერ ვიტყვი, რომ მიგრანტები კონკურენციას უწევენ ადგილობრივებს, რადგან ეს ადამიანები ომის დაწყებიდან, პირველი 6-8 თვის მანძილზე ჩანდნენ უფრო მეტად, თუმცა შემდეგ ყველანი წავიდნენ ჩვენზე უფრო ბედნიერ ქვეყნებში - ზოგი კანადაში, ზოგიც აშშ-ში, ჰოლანდია, იტალია, პოლონეთში და ა.შ. ქვეყანაში იმდენად ცოტა მიგრანტი დარჩა, რომ მათი მხრიდან კონკურენციის გაწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.უფრო მეტად აქტუალურია, რუსების და უკრაინელების მიერ გახსნილი, ძირითადად, რუსულენოვანი კაფეები, სადაც დასაქმებულები არიან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები - ბელორუსები, რუსები, უკრაინელები და ა.შ. ისინი მუშაობენ თავისი მიმართულებით და ჩვენთან კონკურენციაში და გადაკვეთაში არ არიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტან საუბრისას კოტე გაბრიჩიძე.

“აშკარაა, რომ სფეროში კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმის პრობლემა შეინიშნება, თუმცა ამაზე მუშაობა და გამოსწორება შესაძლებელია. მიგრანტების მხრიდან სამუშაო ადგილების ათვისებას არ ადასტურებს არც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე და ამბობს, რომ დღეს მოთხოვნა ძალიან მაღალია, ხოლო კადრების მიწოდება - ძალიან დაბალი. `რეალურად, ბაზარზე კადრებზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ამის დაკმაყოფილება რთულია. არ არსებობს კონკურენცია რომელიმე სფეროში, პირიქით, არის ძალიან ბევრი სამუშაო ადგილია და გვაკლია კადრები. თეორიულადაც რთულია იმის დაჯერება, რომ სამუშაო ადგილები მიგრანტებმა დაიკავეს საქართველოში, რადგან არსებობს ენობრივი ბარიერი, რაც ძალიან დიდ პრობლემას ქმნის მომსახურების სფეროში. შესაბამისად, მსგავსი რამ წარმოუდგენელია. დღესდღეობით იმდენად ბევრ კადრს ითხოვს ბიზნესი, ხოლო მიწოდება იმდენად მცირეა, რომ ამ პრობლემაზე მსჯელობს ლამის ყველა ბიზნესი”, - განმარტა ბურჯანაძემ “რეზონანსთან” საუბრისას”, - წერს სტატიის ავტორი.

“ოცნებამ” იცის, რომ თვითონ არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ოპოზიცია კიდევ უფრო მეტი არარაობაა” - პაატა ზაქარეიშვილი

“ყოფილი სახალხო დამცველის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებამ მმართველი ძალის კრიტიკა გამოიწვია. კობახიძემ პირდაპირ დასცინა ოპოზიციას და თქვა, რომ ასეთი დაგეგმარების გამოისობით აგებს ის ყოველთვის არჩევნებს და ასე მოხდება მომავალ წელსაც. როგორც “რეზონანსთან” კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ “ოცნება” “მშვიდად თუხთუხებს თავის ქონში და არაფერს არ აკეთებს”, დიდი ალბათობით ის ისევ მოიგებს არჩევნებს, რადგან მას ჰყავს ორი მოკავშირე - ოპოზიციის სისუსტე და ხალხის სიღარიბე. “ლომჯარია რომ გამოგყავს და ამ მართლა “ნაცს” წარმოადგენ შუაშისტად, რა თქმა უნდა, წაგებული დარჩები”, - უთხრა ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნებამ” იცის, რომ თვითონ არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ოპოზიცია კიდევ უფრო მეტი არარაობაა”... - პაატა ზაქარეიშვილი.

“ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად უსუსურები არიან დაგეგმვაში... ვის უნდა წაართვას ლომჯარიამ ხმები, მაქსიმუმ ხაბეიშვილს წაართვას, ხომ?! შესაბამისად, ისინი მუდმივად ცდებიან დაგეგმვაში. მერე ჩვენზე ბრაზდებიან, როდესაც დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს. რა თქმა უნდა, შემდეგ არჩევნებსაც დიდი უპირატესობით მოვიგებთ... ლომჯარია ბევრად უფრო სუსტი პროექტია, ვიდრე იყო თავის დროზე “ლელო” და გახარია. ლომჯარია რა არის? არის ერთ-ერთი ყველაზე ურეიტინგო “ნაცი” საქართველოში. აქედან გამომდინარე, როგორი პროექტებიც არ უნდა დააინიცირონ, დღეს ლომჯარია იქნება, ხვალ შეიძლება, იყოს რომელიმე სხვა გვარი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის წარუმატებლობისთვის განწირული. უბრალოდ ვერ შეასაღებ ქართულ საზოგადოებას ლომჯარიას არანაცად და იმ ადამიანებს, რომლებიც მის გამო არიან შეკრებილი. ისინი არიან ჩვეულებრივი ნაცები”, - დასძინა “ოცნების” თავმჯდომარემ. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” კობახიძის განცხადებას აფასებს, როგორც წინასაარჩევნო მოთელვას, ოპოზიციის დაკნინებას და სამომავლოდ კანდიდატის სტატუსით ხალხის მანიპულირებას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კობახიძის გამოსვლა ამ შემთხვევაში ჯდება რაღაცა წინასაარჩევნო ამორალურ პრაქტიკაში, რაც საქართველოში ჩვეულებრივი ამბავია და მსოფლიოშიც მიღებულია, ავტორიტარულ და ნახევრად ჰიბრიდულ რეჟიმებში, სადაც დემოკრატია არავის არ ადარდებს. ის არის პოლარიზაციის მთავარი წამყვანი ფიგურა, და ეს არის ერთ-ერთი უსუსური ნიმუში როცა მას უფრო “ბრილიანტი” და “ოქრო” გამოსვლები აქვს პოლარიზაციის გაღრმავებაში. აშკარაა, რომ ორი ძალა აქვს მხოლოდ “ქართულ ოცნებას” - ოპოზიციის სისუსტე და მოსახლეობის სიღარიბე. უნდა ითქვას, რომ რაც უფრო მეტი ღარიბი ადამიანი იქნება საქართველოში მით უფრო იოლი იქნება მათი მოსყიდვა, უფრო იოლი იქნება მათი გაბითურება, მანიპულირება. იმიტომ რომ ღარიბ ადამიანს არ სცალია ტელევიზორისთვის, რომ განსხვავებული აზრი მოისმინოს, მას სჭირდება ტომარა ფქვილი და რაღაც სოციალური დახმარებები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ამიტომ “ქართული ოცნება” მშვიდად თუხთუხებს თავის “ქონში”. არაფერს არ აკეთებს არაფერზე არ დარდობს, იცის, როგორ უნდა გაანადგუროს ოპოზიცია და ესროლოს ტალახი, რომელსაც ჰქვია “ნაციონალური მოძრაობა”. “ნაციონალური მოძრაობა” არაპოპულარულია საზოგადოებაში, რაღაც ნაწილი ამომრჩეველი ჰყავს, მაგრამ ეს არის სააკაშვილის დამსახურება და არა ხაბეიშვილის, მელიას, ლომჯარიას, მერაბიშვილის თუ კეზერაშვილის. სააკაშვილი კი “ქართული ოცნების” პროპაგანდით იგივდება “სისხლიან 9 წელიწადთან”, შესაბამისად ძალიან იოლია ლომჯარიას, პეტრეს, პავლეს თუ გახარიას დააბრალონ, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის” მორიგი პროექტია და მოსახლეობის ღარიბი მასა ამას იჯერებს. ამიტომ ასე მშვიდადაა თავის წარუმატებლობაში “ქართული ოცნება”. იციან, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არაფერს წარმოადგენენ, ოპოზიცია კიდევ უფრო მეტი არარაობაა”... - მიიჩნევს რესპონდენტი.

“არარაობა “ნაციონალური მოძრაობა” რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ყოველთვის მოერეოდა არარაობა დღევანდელ “ქართულ ოცნებას”. მაგრამ დღეს არარაობა “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში, ამიტომ ერევა “ნაციონალურ მოძრაობას”. ყველაფერს აბრალებს მას. ეს არის ძალიან კარგად გათვლილი ეფექტური მექანიზმი. სამწუხაროდ “ქართული ოცნება” ნამდვილად მოიგებს შემდეგ არჩევნებს, თანაც დამაჯერებლად, თუ ასე გაგრძელდა. რაც შეეხება იმას, თუ რა სჭირს ოპოზიციას, მან არ იცის რა შესთავაზოს საზოგადოებას, ერთად-ერთი რასაც სთავაზობს ეს თუთიყუში ხაბეიშვილი არის “რუსული ოცნება”. კი ბატონო, გავიგეთ, “რუსული ოცნება” მუშაობს რუსულად. სავიზო რეჟიმი მოხსნა რუსეთთან, ფრენები აღადგინა, ყველაფერს იბრალებს - ანუ ვარ “რუსი ოცნება”, ვაკეთებ რუსულ საქმეს. მაგრამ, შენ რომ ხარ დემოკრატია და ევროპული - რას აკეთებ?”, - ამბობს კონფლიქტოლოგი.

“ამისათვის ამომრჩეველი კითხვას დაუსვამს ამ თუთიყუშ ხაბეიშვილს - აპირებ თუ არა ჩაატარო სასამართლო რეფორმა. ეს ის სასამართლოა, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, ეს არის მურუსიძის სასამართლო. შენ “ნაციონალური მოძრაობა” აღიარებ, რომ ეს დიდი შეცდომა იყო თუ მომავალში მოხვალ და მურუსიძის ახლობელს დანიშნავ ისევ? რას აპირებ, რომ შენი ხალხი აღარ მართავდეს სასამართლოს? ასევე უსაფრთხოების სამსახურები, მერაბიშვილ-ბერიას სისტემა რომელიც დაუტოვა “ნაციონალურმა მოძრაობამ” “ოცნებას” და მან ის იოლად შეითვისა. რომ მოხვალ, რას უპირებ ამ უშიშროების სამსახურებს? ისევ დატოვებ ძველებურად თუ შეცვლი? რაღაცას ამაზე ხმას არ იღებენ. ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო სიტემა - რას უპირებ? რა დაუტოვე, რასაც იყენებს ასე ეფექტურად “ქართული ოცნება” - შეცვლი თუ არ შეცვლი? ადგილობრივი თვითმმართველობები, დეცენტრალიზაცია, ფული წავა თუ არა რაიონებში, რაიონები ხარჯავენ მას თუ თბილისი მართავს ყველაფერს. თუ არაფრის შეცვლას არ აპირებ, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, საშუალო სტატისტიკის მქონე ვიღაცა ამომრჩევლისათვის, ერთი და იგივე მმართველს “ნაციონალური მოძრაობა” ერქმევა თუ “ქართული ოცნება”? მთავარი საკრალური კითხვაა - რატომ უნდა მოგცე ოპოზიციას ხმა, როცა არაფერს არ მთავაზობ?! - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.

“ჩემთვის მთავარია საქართველო და არა “ნაციონალური მოძრაობა” იქნება თუ “ქართული ოცნება”. კანდიდატის სტატუსი დიდი ნახტომია საქართველოსთვის. 30 წლის მერე “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” პოლიტიკაში არ იქნებიან, სამაგიეროდ ვიქნებით ევროკავშირში. თუ ახლა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, “ოცნება” ამას რა თქმა უნდა თავის ქულებში ჩაიწერს, მაგრამ მთავარია, აუცილებლად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მაგრამ “ოცნებას” არ უნდა ეს სტატუსი, ნამდვილად არ უნდა, ყველაფერს აკეთებს ამისთვის, რუსეთთან თანამშრომლობს, ჩინეთთან, რომ სტატუსი ვერ დავიმსახუროთ. მაგრამ თუ სტატუსი მაინც მისცეს ქართველ ხალხს, იმიტომ, რომ ის იმსახურებს ამას. მაშინ, რა თქმა უნდა, ამას “ოცნება” გაიფორმებს როგორც წარმატებად. მაგრამ ურჩევნიათ არ მოგვცენ სტატუსი და დააბრალონ ყველაფერი ოპოზიციას და ევროპას - ჩვენ ყველაფერი გავეკეთეთ, დავიმსახურეთ, მაგრამ არ მოგვცესო”, - დასძენს ზაქარეიშვილი.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო