გიგა ბოკერია - იმ რეჟიმის შეცვლის გარდა, რომელმაც ფარცხალაძე შექმნა, სხვა წამალი ამ ვითარებას არ გააჩნია

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლის პირები არიან ზოგჯერ ეჭვმიტანილები, ზოგჯერ მხილებულები ჩვენს მტერთან თანამშრომლობაში და ამ მოდელით, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შემოგვთავაზა, ჩვენ უსაფრთხოებას და თავისუფლებას ვერ მივაღწევთ, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ-ფარცხალაძის დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფარცხალაძის საქმეზე ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

„ზოგადად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რაც ხდება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაგვიანებული, მაგრამ ჯანმრთელი პროცესია - ყველგან შევიწროება იმ ადამიანების და სტრუქტურების, რომელიც პუტინის რეჟიმზე მუშაობს. ჩვენი პოლიტიკური ტრაგიკული ვითარება მდგომარეობს იმაში, რომ კიდევ ერთხელ და ამჯერად უკვე კონკრეტულად არის მითითებული, რომ რუსეთის უსაფრთხოების სტრუქტურებთან თანამშრომლობს ფიგურა, რომელიც უახლოესი პირია ივანიშვილის. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ იმ რეჟიმიდან, რომლის ცენტრალურ ფიგურასთან დაახლოებული ადამიანი ასეთ რამეშია მხილებული, ჩვენ შეუძლებელია გავიდეთ თავისუფლების სამშვიდობოზე. ეს არის ის დასკვნა, რაც ქართულმა საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს და რასაც უნდა მოჰყვეს პოლიტიკური ცვლილება. სხვა ამას ვერაფერი უშველის.

ეს პერსონა კი არ არის ცენტრალური საკითხი, რასაც ეს პერსონა წარმოაჩენს და გვაჩვენებს მთლიანად ხელისუფლებაზე, ეს არის საგულისხმო. იმ რეჟიმის, ვინც ფარცხალაძე შექმნა, რა დეკლარირებული პოლიტიკაც აქვთ რუსეთთან თანამშრომლობის - მათი შეცვლის გარდა სხვა წამალი ამ ვითარებას არ გააჩნია.

შეერთებული შტატები „შესაძლოას“ რომ იძახის იმ ხარისხის მტკიცებულებებით, რაც მათთვის სადაზვერვო თვალსაზრისით ცნობილია, სურათი არის აბსოლუტურად მკაფიო. ჩვენს ქვეყანას ხომ აქვს ამოცანა ამ ვითარებაში, რომ იმ დიდი საფრთხის წინაშე, რაც რუსეთიდან მოდის, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოს განადგურება უნდა და ვინც გენოციდი მოგვიწყო აფხაზეთში, ჩვენ გავაღწიოთ აქედან თავისუფლების სამშვიდობოს?! ამ ამოცანის მიღწევისთვის ჩვენ გვჭირდება, რომ გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს მოკავშირეებს შეაწუხებს, რომ პრაგმატული და მორალური არგუმენტებით დაბომბოს, ვგულისხმობ ჩვენს მოკავშირეებს ბრიუსელში, ვაშინგტონში, ბერლინში, რომ საქართველო უნდა იყოს ნატოს წევრი, რომ საქართველო სჭირდება პრაგმატულად დასავლეთს. ამის ნაცვლად ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლის პირები არიან ზოგჯერ ეჭვმიტანილები, ზოგჯერ მხილებულნი ჩვენს მტერთან თანამშრომლობაში და ამ მოდელით, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შემოგვთავაზა, ჩვენ უსაფრთხოებას და თავისუფლებას ვერ მივაღწევთ. მტკიცებულება როგორი ხარისხის იქნება ამათუ იმ პირთან მიმართებაში, ეგ თემა აქტუალური შეიძლება გახდეს, როდესაც ჩვენ ნორმალური პროდასავლური ხელისუფლება გვეყოლება.

როდესაც ბატონი ფარცხალაძე და სხვები რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებთან ასეთ ღია კავშირს ამყარებს და ასეთ დროს როცა ამაზე რეაგირება არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი არ ხდება, ეს რისი მტკიცებულებაა, რით შეიძლება აიხსნას?!. ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ფარცხალაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სამშობლოს ღალატისთვის თუ მტკიცებულებები იმ ხარისხის არის, რომ სასამართლოში წარდგენადია - ჩვენ ნორმალური სასამართლო რომ გვექნება, მაგ ეტაპის საკითხია. ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, როდესაც ჩვენს მტრებთან ღია კავშირში მყოფი ძალების მიმართ არამხოლოდ ფარცხალაძის მიმართ, არამედ იმ ხალხის მიმართ, ვინც ღიად იძახის, რომ რუსეთის მოკავშირეები ვართ და რუსეთი ჩვენი მომავალიაო, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური დევნა არ არის და მეტიც, არის მტკიცებულებები, რომ სუს-ი ხელს აფარებს მათ. არის მტკიცებულებები, რომ მუნიციპალური ფონდებიდან ფულს იღებს ასეთი ხალხი, ღია „პუტინისტები“ და ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამაზე და არც ფარცხალაძეზე, რომელიც მოსკოვში დადის და კონტაქტებს ამყარებს და როგორც სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, არის „ეფესბეს“ ინსტრუმენტი საქართველოში. ამაზე როდესაც არა თუ არ რეაგირებ, არამედ შენი ბანაკია და თავს ესხმი უკანონოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად მხოლოდ მათ, ვინც არ არის პუტინის ბანაკში - ამაზე მეტი მტკიცებულება რა უნდა იყოს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ის ასევე გამოეხმაურა პრემიერის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენების საკითხს და აღნიშნა, სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავება არანორმალურია და არავის სჯერა, რომ ეს კერძო ფულით მოხდა.

„სახეზეა სურათი, რომელიც ყველა მოქალაქემ უნდა შევაფასოთ. ღარიბაშვილის შემთხვევაში ლეგენდა, რომ პენსიონერმა მამამ გადაიხადა, არავის სჯერა, თეთრი ძაფით ნაკერია, რომ იტყუებიან, ოღონდ რომც გადაეხადა, უკვე არანორმალური ვითარებაა. ეგ რესურსი უნდა გამოყენებულიყო სახელმწიფო ინტერესებისთვის, თუმცა აქ ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ ივანიშვილის რეჟიმი წინა ხელისუფლების მცდარ ნაბიჯებს ამდენი წლის შემდეგ კვლავ საკუთარი ქმედებების გასამართლებლად იყენებს. მეც იმ ხელისუფლების ნაწილი ვიყავი, მეც ვინაწილებ პასუხისმგებლობას, არასწორი იყო სახელმწიფო რესურსის გამოყენება რაიმე პირადული ამოცანისთვის. სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავება უკვე არანორმალურია და არავის სჯერა, რომ ეს კერძო ფულით იყო. ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი, რაც შეიცვალა წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, არის ის, რომ წინა ხელისუფლება ქვეყნის ამოცანებისთვისაც იყენებდა რესურსს და ამ ხელისუფლებას გააჩნია ერთი ამოცანა - ივანიშვილის ძალაუფლების და მისი პოლიტიკური არარაობის შენარჩუნება“, - განაცხადა ბოკერიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით