ანა ბუჩუკური - ფარცხალაძე რუსეთის ჯაშუშია, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ხელს აფათურებს - ყველაზე მანკიერი, რეპუტაციაშელახული, ფიგურების გადაფარვა უწევთ, სხვანაირად ეს ადამიანები ალაპარაკდებიან

პარტია „საქართველოსთვის" წევრის, დეპუტატ ანა ბუჩუკურის განცხადებით, ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე არის რუსეთის ჯაშუში, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ხელს აფათურებს.

მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აშშ-ის მხრიდან ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესება შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი საქციელი ქვეყნის ღალატია.

„აშშ-ის, ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ეს არის უკვე მეორე გადაწყვეტილება. აღმოჩნდა, რომ ოთარ ფარცხალაძეს ორი პასპორტი აქვს- საქართველოს მოქალაქის და რუსეთის ფედერაციის პასპორტი. ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა, ეს ადამიანი უბრალო მოქალაქე არ ყოფილა. ფარცხალაძის შემთხვევაში, პირდაპირ შავით თეთრზე წერია, რომ ის რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით, რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ, გავლენას ახდენდა საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. უხეშად რომ ვთქვათ, ის არის რუსეთის ჯაშუში, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ხელს აფათურებს. ქვეყნის ღალატი ამას ჰქვია“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

მისივე შეფასებით, ასეთი უსუსური „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არასდროს ყოფილა.

ანა ბუჩუკურის განმარტებით, ხელისუფლება ძალიან მძიმე რეპუტაციის მქონე ადამიანებს იცავს, რათა ისინი არ ალაპარაკდნენ.

„როგორი მძიმე წარსულის და რეპუტაციის ადამიანების დაცვა უწევთ. ერთი მხრივ, სანდო გირგვლიანის საქმის მოსამართლე, ლევან მურუსიძე და მისი სამეგობრო „კლანის“ წევრები და ოთარ ფარცხალაძე. ყველამ რომ იცის ამ ქვეყანაში და ქალაქში ან ერთი რას წარმოადგენს და ან - მეორე. ყველზე მანკიერი, ყველაზე რეპუტაციაშელახული, ყველაზე დაზიანებული ფიგურების გადაფარვა უწევთ იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვთ. სხვანაირად ეს ადამიანები ალაპარაკდებიან“, -განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი - მადლობა საქართველო! თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ მომდევნო ქვეყნისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ „კრედო ბანკის“ მწვანე პროექტის პარტნიორი გახდა
რეკომენდაციები კიბერდამნაშავეებისგან თავის დასაცავად