უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას რუსული აგრესიის შეჩერება არ ძალუძს და ის რეფორმირებას საჭიროებს.
აღნიშნული განცხადება ზელენსკიმ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
"უნდა ვაღიაროთ: ორგანიზაცია აგრესიასთან მიმართებაში ჩიხში იმყოფება. მსოფლიოს ერებს უკვე აღარ აქვთ გაეროს იმედი, როდესაც საუბარი სუვერენულ საზღვრებს ეხება... მაგრამ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია. ტერორისტი სახელმწიფოს მიზანია შელახოს საერთაშორისო ნორმები, რომლებმაც მსოფლიო ომებისგან უნდა დაიცვას", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყველასთვის ნათელია, თუ რა ხდის გაეროს ქმედუუნაროდ.
"უსაფრთხოების საბჭოს ამ სავარძელში, რომელსაც რუსეთი უკანონოდ იკავებს, სხედან მატყუარები, რომელთა მუშაობა აგრესიასა და გენოციდის გამართლებაში მდგომარეობს, რომელსაც რუსეთი ახორციელებს. აგრესორის ხელთ ვეტოა - აი, რამ შეიყვანა გაერო ჩიხში", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე დასძინა, რომ გაეროს საკვანძო რეფორმა ვეტოს უფლების გამოყენება უნდა გახდეს, რადგან ვეტო არ შეიძლება იყოს იარაღი მათთვის, ვინც სიძულვილითა და ომით არის შეპყრობილი.