ირაკლი კობახიძე - არაფერი ჩამოშლილა, არავითარი პრობლემა არ ექმნება არც საბანკო სექტორს, არც საფინანსო ინსტიტუტებს, არც ეროვნულ ბანკს - დამთავრდა, ამ ყველაფრიდან სახელმწიფომ იდეალური სურათი მიიღო

დიდი მოლოდინი ჰქონდათ ამ თემის მიმართ, ეგონათ, რომ ეს იყო ის თემა, რომლის საფუძველზეც აქ სიტუაციას აადუღებდნენ, ხალხს დაამობილიზებდნენ, ეს გეგმა ერთ დღეში ჩაეფუშათ, დღეს ხავსს ეჭიდებიან. ამ დროს, ძალიან დიდ გეგმებს აწყობდნენ ფარცხალაძის დასანქცირებაზე, თუმცა, ერთ დღეში ჩამოეშალათ ეს ყველაფერი, მათ შორის იმის გამოც, რომ სახელმწიფომ აბსოლუტურად სწორად იმოქმედა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ყოფილი გენერალური პროკურორის ადგილსამყოფელი მისთვის უცნობია.

„ნამდვილად არ ვიცი, სად არის, როგორ არის“, - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ეროვნული ბანკის ახალ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი რეგულაცია იქნა მიღებული.

„გუშინ ჭიქაში ქარიშხალი არაფრიდან შექმნეს, საბოლოო ჯამში, რა შედეგი მივიღეთ? ერთი, რომ ეს სანქციები 150-ვე კაცზე ვრცელდება იმ სიიდან, არავითარი პრობლემა არ ექმნება არც საბანკო სექტორს, არც საფინანსო ინსტიტუტებს, არც ეროვნულ ბანკს, დამთავრდა, ამოიწურა ეს საკითხი, ასე დაჯდა ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია იქნა შემოღებული, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების და ქართული კომპანიების კონსტიტუციური უფლებები ვერ იქნება დარღვეული და ასევე, ეროვნული ბანკი გასუფთავდა, ამ ყველაფრიდან სახელმწიფომ იდეალური სურათი მიიღო. „ზოგი ჭირი მარგებელია“ - ასეთი გამოთქმა არის, ამ შემთხვევაში, ერთდღიანი ჭირის დატრიალება სცადა ოპოზიციამ, თუმცა, საბოლოო ჯამში, საკუთარი თავი დაისაჯეს ამ ყველაფრით“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ეროვნული ბანკის ძველი გადაწყვეტილება კონსტიტუციის რომელ მუხლს ეწინააღმდეგებოდა და ხომ არ არის ახალი ბრძანება დისკრიმინაციული, კობახიძე ასე პასუხობს:

„ჩვენი კონსტიტუციით ორი ძირითადი უფლებაა დაცული - ეს არის, საკუთრების უფლება და უდანაშაულობის პრეზუმფცია. ის ორივესთან წინააღმდეგობაში იყო, განსაკუთრებით უდანაშაულობის პრეზუმფციასთან, მაგრამ ასევე საკუთრების უფლებასთან იყო პირდაპირ წინააღმდეგობაში. რაც შეეხება დისკრიმინაციას, ეს არ არის რელევანტური, სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, შეზღუდოს სავაჭრო-სამოქალაქო ურთიერთობები უცხოელებთან და უცხოურ კომპანიებთან, ეს მისი სუვერენული უფლებაა, მაგრამ ასეთი შეზღუდვა ვერ გავრცელდება ვერც საქართველოს მოქალაქეებზე და ვერც ქართულ კომპანიებზე. აქედან გამომდინარე, სამართლებრივად, ყველაფერი წელში გამართულია“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ რას უპასუხებს ოპონენტების მოსაზრებებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საფინანსო სისტემას ჩამოშლის, კობახიძე აცხადებს, რომ „არაფერს არავითარი საფრთხე არ ემუქრება“.

„ეს არის მათი ოცნება, რომ ჩამოიშალოს ყველაფერი ამ ქვეყანაში, საფინანსო სისტემა, სახელმწიფო სისტემა, ეს არის მათი ოცნება, სინამდვილეში, არაფერი ჩამოშლილა, გუშინდელი აჟიოტაჟის ერთადერთი შედეგი იყო ის, რომ რამდენიმე მეასედი ერთეულით ლარი გაუფასურდა, თუმცა, ლარიც თავის კურსს დაუბრუნდება, ამის მეტი ვერაფერი გააკეთეს. მათი ოცნება, მიზანი იყო ყველაფრის ჩამოშლა, ვერაფერი ჩამოშალეს, ეს კურსიც თავის ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. ყველაფერი დღესავით ნათელია, არაფერს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, შეიძლება ეს ძალიან უნდოდეს ოპოზიციას, მაგრამ არაფერს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ყველა ბანკი სათანადოდ ფუნქციონირებს, სანქციების რეჟიმი დაცულია, აბსოლუტურად ყველაფერი წესრიგშია, შესაბამისად, ეს ხელოვნური აჟიოტაჟი, რომლის მიზანიც იყო მათ შორის, ხელოვნურად საფინანსო კუთხით პრობლემების შექმნა, ჩაუვარდათ“, - განაცხადა კობახიძემ.

ოპონენტების პოზიციას, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა, პრობლემის აღმოფხვრად ვერ ჩაითვლება, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ასე პასუხობს:

„დიდი მოლოდინი ჰქონდათ ამ თემის მიმართ, ეგონათ, რომ ეს იყო ის თემა, რომლის საფუძველზეც აქ აადუღებდნენ სიტუაციას, დაამობილიზებდნენ ხალხს და ერთ დღეში ჩაეფუშათ ეს გეგმა, დღეს ხავსს ეჭიდებიან, რომ ეს არ არის დასასრული, ეს არის ხავსს მოჭიდებული ადამიანის პოზიცია, ამ დროს, ძალიან დიდ გეგმებს აწყობდნენ ფარცხალაძის დასანქცირებაზე, თუმცა, ერთ დღეში ჩამოეშალათ ეს ყველაფერი, მათ შორის იმის გამოც, რომ სახელმწიფომ აბსოლუტურად სწორად იმოქმედა ყველაფერთან დაკავშირებით, ჩვენ მივყვებით კანონს, კონსტიტუციას, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი იარაღი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მუდმივად ცდილობენ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას.

რაც შეეხება ფარცხალაძის თემას, გადაფარებას და ა.შ. თქვენ ნახეთ, რომ გუშინ, იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ესეც გადაფარება იყო, თუ რა იყო? ეროვნულმა ბანკმაც იმოქმედა კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად და იუსტიციის სამინისტრომაც. ერთ შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ ფარცხალაძეზე დადებითი რეგულაცია გავრცელდა, მეორე შემთხვევაში, ისე გამოვიდა, რომ ფარცხალაძეზე გავრცელდა მისთვის უარყოფითი რეგულაცია. არსად იყო გადაფარება, ეროვნულმა ბანკმაც დაიცვა კონსტიტუცია, კანონი და იუსტიციის სამინისტრომაც დაიცვა კონსტიტუცია და კანონი. არავითარი ხვრელი არსად დატოვებული არ არის, ეროვნული ბანკის რეგულაციამ უზრუნველყო ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვა... საბოლო ჯამში, გამოძიების შედეგებიც უნდა გასაჯაროვდეს, ამიტომ მისასალმებელია ის გამოძიება, რომელიც არის. ყველა თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უწყებები იღებენ, რომ იყოს საფუძველი, დააკავებდნენ, ალბათ, არ არის საფუძველი“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო