კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება - რაც შეეხება იმპიჩმენტს, არაფერს გამოვრიცხავ

სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება - ეს ძალიან ცუდია, თუმცა, მისი არჩევანია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მედიასთან საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტების შესახებ საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას, რაზეც პარლამენტმა უნდა იმსჯელოს, კახა კალაძის თქმით, გამორიცხული არაფერია, რადგან ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს.

„მე არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია იმპიჩმენტი, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. დეპუტატების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ამ პროცედურის ბოლომდე მიყვანა. არ არის მისაღები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს. ეს ძალიან ცუდი სიგნალია ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც კანონს იცავენ. ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ტიპის „მესიჯებს“ და განმარტებებს, თუმცა, ეს ყველაფერი უფერულდება, როცა პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საგარეო პოლიტიკას ატარებს არა პრეზიდენტი, არამედ ქვეყნის მთავრობა, პრეზიდენტმა კი, თავისი ვიზიტები მთავრობასთან უნდა შეათანხმოს.

„ჩვენს კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, რომ პრეზიდენტმა ვიზიტები უნდა შეათანხმოს მთავრობასთან. თუ აქამდე ამას აკეთებდა და მთავრობას უთანხმებდა, დღეს რატომ გახდა ეს ყველაფერი აბსურდი? ცხადია, რა არის ამის მიზეზი. სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება. ეს ძალიან ცუდია, თუმცა, მისი არჩევანია.

საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, კონსტიტუციაში რა მოცემულობაც გვაქვს, ყველამ კარგად ვიცით. საგარეო პოლიტიკას ატარებს ქვეყნის მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ჩვენ ვართ არა საპრეზიდენტო, არამედ საპარლამენტო რესპუბლიკა. გვაქვს ახალი კონსტიტუცია, შესაბამისად, ყველამ პატივი უნდა ვცეთ მას“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან კალაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე. მისი თქმით, გაუგებარია, თუ რატომ არ მოაწერა პრეზიდენტმა ხელი დოკუმენტს, რომელიც მას იუსტიციის სამინისტრომ გადაუგზავნა.

„ვერ გეტყვით. ეს შეკითხვა თავად მას უნდა დაუსვათ, რა არის მიზეზი, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის დოკუმენტს ხელს არ აწერს. პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ხოლო ამ გადაწყვეტილებით პირდაპირ არღვევს ორგანულ კანონს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“. ჩემთვის გაუგებარია, რას ემსახურება ეს ყველაფერი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი დღეს ესტონელ კოლეგას შეხვდა. მომდევნო დღეებში დაგეგმილია შეხვედრები ლატვიის და ლიეტუვის პრეზიდენტებთან.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი