უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, საჭიროა ძალიან რთულ კითხვებზე პასუხის გაცემა მანამ, სანამ ევროკავშირი უკრაინასთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებს.
„ჩვენ ვერ ავიცილებთ კითხვას - როდესაც შემოდგომაზე ბრიუსელში უკრაინის მომავალზე მოლაპარაკებები გვექნება - შეგვიძლია თუ არა სერიოზულად განვიხილოთ ქვეყნის გაწევრიანება, დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები იმ ქვეყანასთან, რომელიც ომის მდგომარეობაშია. არ ვიცით, რამხელაა ამ ქვეყნის ტერიტორია, რადგან ომი ჯერ კიდევ გრძელდება, არ ვიცით, მისი მოსახლეობის რაოდენობა, რადგან ისინი ქვეყნიდან გარბიან. ევროკავშირში ქვეყნის მიღება მისი პარამეტრების ცოდნის გარეშე უპრეცედენტო იქნება. ასე რომ, ვფიქრობ, უნდა ვუპასუხოთ ძალიან გრძელ და რთულ კითხვებს, სანამ არ მივიღებთ გადაწყვეტილებას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ", - აღნიშნა ორბანმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დეკემბერში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, მისცენ თუ არა უკრაინას გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების უფლება, რასაც 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება.