კახა კალაძე სუს-ის ინფორმაციაზე - ამას განმარტება სჭირდება და ჩვენ პასუხს ველოდებით - შემაშფოთებელი და მძიმე ფაქტია, როცა აშშ-ის განვითარების სააგენტო ქვეყანაში არეულობის გეგმას აფინანსებს

ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმ მზაკვრული გეგმებისა, რომლებიც ქვეყნის შიგნით და გარეთ ჩვენი ქვეყნის მტრებს გააჩნიათ. თუმცა კიდევ უფრო შემაშფოთებელი და მძიმეა ფაქტი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო ამ ყველაფერს აფინანსებს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებთან დაკავშირებით.

კალაძე ამერიკული მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებებს ელოდება.

“რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელი ფაქტია. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ამასთან დაკავშირებით არა ერთი განცხადებაა გაკეთებული უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმ მზაკვრული გეგმებისა, რომლებიც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ჩვენი ქვეყნის მტრებს გააჩნიათ, თუმცა კიდევ უფრო შემაშფოთებელი და მძიმეა ფაქტი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო აფინანსებს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ამას ახსნა-განმარტება სჭირდება და ჩვენ შესაბამის პასუხს ველოდებით, რომ ეს ყველაფერი ახსნილი იყოს. ასევე, ჩვენ უნდა გავიხსენოთ საპარლამენტო არჩევნები, როდესაც პარალელური დათვლის გაყალბება მოხდა. ესეც USAID-ის დაფინანსებული იყო, მათი მხრიდან ხორციელდებოდა აღნიშნული პროექტის დაფინანსება. ძალიან ბევრი შემაშფოთებელი და სამწუხარო ფაქტი გროვდება მათი ჩართულობით, რომელიც მტრობას პირდაპირ ასახავს. ეს საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, აუცილებლად გვჭირდება განმარტებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, საქართველო შემდგარი, სუვერენული სახელმწიფოა. დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობას, მის ეროვნულ ინტერესებს და არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ რევოლუციები, გადატრიალებები, ხელისუფლების დამხობა მოაწყონ. შემდეგ კი, საზარბაზნე ხორცად იყოს გამოყენებული, როგორც მეორე ფრონტი. ამის შესაძლებლობა არავის არ მიეცემა. ეს ძალიან კარგად მინდა იცოდეს, როგორც ქვეყნის შიგნით არსებულმა მტრებმა, ისე გარეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და "მტკიცებულებების ნაწილს" ასაჯაროებს.

სუს-ის ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.

სუს-ის თანახმად, აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-ი სინისა სიკმანის, იელენა სტოისიჩის და სლობოდან ჯინოვიჩის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროვებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად