ადამიანები ცდილობენ სხვა ადამიანებს ასწავლონ, როგორ უნდა დაამხონ ხელისუფლება, თუ ამასთან მიმართებით აშშ-ის საელჩოს აქვს სხვაგვარი დამოკიდებულება, ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ამას სჭირდება მკაფიოდ პოზიციის დაფიქსირება და გამიჯვნა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც აშშ- ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, აშშ-ის საელჩო უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები იყოს და ხელისუფლების ცვლილება არა რევოლუციით და გადატრიალებით ხდებოდეს, არამედ კონსტიტუციურად და დემოკრატიულად.
„აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ქართველი ხალხის მეგობრობა ამერიკელ ხალხთან, არის სტრატეგიულ, ძალიან მაღალ დონეზე. ვერც ერთი მცდელობა ვერავის მხრიდან ვერ იქნება ამ ყველაფრის დამაზიანებელი. აშშ-ის საელჩო, ბუნებრივია, უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები იყოს და ხელისუფლების ცვლილება არა რევოლუციით და გადატრიალებით ხდებოდეს, არამედ კონსტიტუციურად და დემოკრატიულად. თქვენ იცით, ტრამპს აქვს ბრალდებები წარდგენილი, ერთი ფორმულირება იყო, რომ ერთ-ერთ შტატში იცოდა რომ წაგებული ჰქონდა, მაგრამ შექმნა მღელვარება, თითქოს ხელოვნურად ხდებოდა ხმების დაკლება მისთვის. ეს ფორმულირება აშშ-მ გადაწყვიტა, რადგან მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრიობისთვის, აქედან გამომდინარე, თუ აშშ-ს აქვს და უნდა ჰქონდეს კიდეც სახელმწიფო ინტერესები, რატომ არ შეიძლება საქართველოს ჰქონდეს იგივე სახელმწიფო ინტერესები?! როცა ამბობთ, რომ თითქოს რაიმე განსხვავებებია [საელჩოს და ჩვენი ხელისუფლების] პოზიციებში, [მე გპასუხობთ, რომ] გამოძიება გრძელდება, მტკიცებულებების ნაწილი არის გასაჯაროებული და ხელის გულზე ჩანს, რომ ადამიანები ცდილობენ სხვა ადამიანებს ასწავლონ, როგორ უნდა დაამხონ ხელისუფლება. თუ ამასთან მიმართებით აშშ-ის საელჩოს აქვს სხვაგვარი დამოკიდებულება, ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ამას სჭირდება მკაფიოდ პოზიციის დაფიქსირება და გამიჯვნა, დარწმუნებული ვარ, საელჩო გაემიჯნება ძალადობრივ რევოლუციებს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი ერთ-ერთი პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის მათი დახმარების მიზნებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დაუჭერენ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომელიც ეხმარება ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან. სუს-ის თანახმად, აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება „სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო.
„კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ”, - აღნიშნულია სუს- ის განცხადებაში.
ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში და ამერიკელი ხალხის ფული გამოყენებულია არეულობისთვის ადამიანების მომზადებაში".
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, დასჭირდებათ განმარტებები, თუ რატომ დააფინანსა „იუესაიდმა“ ტრენინგი, რომლის „პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება”.