კახა კალაძე - ცდილობენ, ქვეყანაში მოაწყონ არეულობა, დაამხონ ხელისუფლება, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა - ვინც ეწინააღმდეგება კანონპროექტის ცვლილებას, წამსვლელია იმ სიბინძურეზე და პროვოკაციებზე, რაზეც სუს-ი საუბრობს

ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები, - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის და ომბუდსმენის კრიტიკა, რომ „სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა“.

კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის მიზანია, დაამხოს ხელისუფლება და ამას თავიანთი უცხოელი მეგობრების ჩართულობით სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ.

„ყველა ის ადამიანი, პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტია იქნება თუ არასამთავრობო, ვინც ეწინააღმდეგება აღნიშნული კანონპროექტის ცვლილებას, არის წამსვლელი იმ სიბინძურეზე და იმ პროვოკაციებზე, რაზეც შესაბამისი სამსახურების მხრიდან საუბარი იყო. მთავარი არის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოება, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ვიღაც შეიძლება აქციაზე იყოს და აქციას ატარებდეს, ყველას უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული. ამასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთებულია. როგორც ნორმალურ, განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებს შეეფარებათ, ხელისუფლების შეცვლა თუ გინდა, არჩევნების გზით უნდა მოხდეს. უნდა გქონდეს შენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამის შანსი აქვთ ნული. არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, რომ მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა ჰქონდეთ. ცდილობენ, ქვეყანაში მოაწყონ არეულობა, დაამხონ ხელისუფლება. ყველანაირი მეთოდებით აქვთ ამის გაკეთების მცდელობა თავიანთი უცხოელი მეგობრების ჩართულობით, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა. ჩვენ ჩვენს ქვეყანასაც დავიცავთ, ხალხსაც, ეროვნულ ინტერესებსაც და უსაფრთხოებასაც“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი პროექტით სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო