ზურაბ ბატიაშვილი - რუსეთი დაინტერესებულია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება უკრაინის ომიდან სხვაგან გადაიტანოს, თუმცა ავიწყდება, რომ აშშ-ს შეუძლია ძალების დივერსიფიცირება და არ გაუჭირდეს ერთდროულად დაუჭიროს მხარი უკრაინასაც და ისრაელსაც

აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის შემთხვევაში ისრაელს სამხედრო მხარდაჭერას, დიდი ალბათობით, ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთიც გამოუცხადებენ.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განმარტა, ახლა უფრო მეტად საყურადღებო ისრაელ- ლიბანის საზღვარია, რადგან „ჰამასზე“ მეტი სამხედრო მზაობა, შეიარაღება და გამოცდილება ლიბანში არსებულ ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ აქვს.

ბატიაშვილი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული რეალობის გათვალისწინებით, ისრაელს ბრძოლა რამდენიმე ფრონტზე მოუხდეს.

„თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო არა ღაზას სექტორზე, არამედ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რა მოხდება ჩრდილოეთში, მხედველობაში მაქვს ისრაელ-ლიბანის საზღვარი, სადაც ბოლო პერიოდში უკვე შეტაკებებიც და დაბომბვებიც ვნახეთ. იქ არის კიდევ უფრო ძლიერი ორგანიზაცია „ჰეზბოლა“, რომელიც განსხვავებით „ჰამასისგან“, რომელიც სუნიტური ორგანიზაციაა, არის შიიტური, პროირანული ორგანიზაცია, უფრო უკეთ არის მომზადებული და მათ აქვთ უკეთესი შეიარაღებაც, უკეთესი საბრძოლო გამოცდილებაც, იმიტომ, რომ სირიის ომში ისინი წლების განმავლობაში იბრძოდნენ. 360 ათასი ადამიანის მობილიზება იმიტომ მოახდინა ისრაელმა, რომ შეიძლება მას მოუწიოს არაერთ ფრონტზე ომი. ის, რომ აშშ-მ ჩაიყვანა იქ ავიამზიდი, არა მხოლოდ ავიაგამანდგურებლებით, არამედ არის დაჯგუფება გემების, ახლა მეორე ასეთი დაჯგუფება მიემართება ისრაელისკენ, ეს არის მკაფიო მესიჯი, ისრაელის გარშემო მდებარე დიდი ქვეყნების მიმართ, რომ თუ ისინი ჩაერთვებიან ისრაელის წინააღმდეგ ომში, მაშინ შეერთებული შტატები ჩაერთვება და რეალურად, ეს იქნება დიდი ომი. იარაღს აწვდის ახლა შეერთებული შტატები ისრაელს და მომავალშიც მიაწვდის, იარაღის პრობლემა არ ექნებათ, მაგრამ თუ მოწინააღმდეგეს ამაზე დიდი ძალა აღმოაჩნდა, საერთო ჯამში, მაშინ შეერთებული შტატები მოკავშირე ისრაელის მხარდასაჭერად უკან არ დაიხევს, მათ შორის არც სამხედრო თვალსაზრისით.

ბლინკენი თუ არ ვცდები დღეს ჩადის სირიაში და ეს კიდევ ერთი მხარდაჭერა იქნება გამოხატული ისრაელის მიმართ და მესიჯი იქნება, რომ ისრაელს არ დატოვებენ მარტო ამ ომში. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების გარდა, სხვაც შეიძლება იყოს ჩართული, მაგალითად, ბრიტანეთი, მაგრამ ამას ესკალაციის შემთხვევაში ვგულისხმობ“,- განაცხადა ბატიაშვილმა.

მან ამასთან აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში რუსეთი დაინტერესებულია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადრება უკრაინის ომიდან სხვაგან გადაიტანოს, თუმცა ავიწყდება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საკმაოდ წარმატებით შეუძლია ძალების დივერსიფიცირება. “რა თქმა უნდა, რუსეთს აწყობს ახლა მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების გადატანა რუსეთ-უკრაინის ომიდან სხვაგან, მაგრამ აქ ის კიდევ ერთ არასწორ გათვლას აკეთებს, როგორც ხშირად სჩვევია რუსეთს. შეერთებული შტატები არ არის იმ დონის ქვეყანა, რომ მას გაუჭირდეს ერთდროულად მხარი დაუჭიროს უკრაინასაც და ისრაელსაც, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც უშუალოდ ამერიკელი ჯარისკაცები არ იბრძვიან, არც ერთგან, არც მეორეგან. ჩვენ უახლოეს ისტორიაში გვახსოვს, შეერთებული შტატები იბრძოდა ავღანეთში, ერაყშიც და სირიაშიც. ეს ნიშნავს, რომ მას მრავალ ფრონტზე შეუძლია იყოს წარმოდგენილი და საკმაოდ წარმატებულად. სხვათა შორის, ბაიდენის ადმინისტრაციამ ძალიან კარგად გააკეთა ის, რომ ერთ პაკეტში გაჰყავს სამხედრო მხარდაჭერა ისრაელისა და უკრაინის მიმართ, იმიტომ, რომ ის ანტიუკრაინულად განწყობილი ტრამპისტები, რომლებიც კონგრესში არიან, თავის მხარეს გადაიყვანოს და კენჭი უყაროს“,- განაცხადა ბატიაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
ახალი დოკუმენტური ფილმი „32 წუთი“ და წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ გზა მსოფლიო არენაზე