რატომ შეცვალა პრეზიდენტმა პოზიცია - “ზურაბიშვილის პრემიერობას და ივანიშვილის პრეზიდენტობასაც კი ვუშვებ”
“ოცნება” თვლის, რომ ოპოზიცია უკვე 27 ოქტომბრისთვის ემზადება და არა არჩევნებისთვის
რა გზავნილები გაჟღერდა “ოცნების” დასკვნით აქციაზე და რა მიზანი აქვს თბილისის საფინალო შეკრებას
* * *
რატომ შეცვალა პრეზიდენტმა პოზიცია - “ზურაბიშვილის პრემიერობას და ივანიშვილის პრეზიდენტობასაც კი ვუშვებ”
“ათონელის სასახლეში მიმდინარე კონსულტაციები საბოლოოდ იმ შედეგით დასრულდა, რომ პრეზიდენტი ოთხ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად შეთანხმდა არჩევნებამდე არც პრემიერობის კანდიდატს დაასახელებს და არც ე.წ. ტექნიკურ მთავრობას. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს, რადგან “ანგარიშს უწევს ოთხ პარტიას”, რომელთაც “ქართულ ქარტიას” მოწერეს ხელი. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ნეიტრალური პრემიერი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა, იმ გაგებით, რომ არ არის “პოლიტიკური პარტიებიდან წამოსული”, პარტიებს შეჯერებას გაუადვილებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ შეცვალა პრეზიდენტმა პოზიცია - “ზურაბიშვილის პრემიერობას და ივანიშვილის პრეზიდენტობასაც კი ვუშვებ”.
“მყავდა და მყავს პრემიერობის კანდიდატი - ერთი კანდიდატი. ქარტიაში წერია, რომ მე უნდა წარვადგინო. ძალიან ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი ვეძებე და შევჯერდი, მაგრამ მე ვუწევ ანგარიშს ამ ოთხ პარტიას, იმიტომ რომ აქ არანაირი დისონანსი არ უნდა იყოს და მათგან მოვისმინე, რომ ისინი თვლიან, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს არჩევნების შემდეგ. მართალია, მათი ინტერპრეტაცია ქარტიის, რომ არ წერია იქ, მანამდე უნდა იყოს თუ მერე და რადგან მათი უმრავლესობის ხედვა იყო, რომ სჯობია, ეს არჩევნების მერე იყოს, ასევე იყო სხვადასხვა ფორმულა, როგორი უნდა იყოს მთავრობა, მე მაქვს ასევე ჩემი ხედვა”, - განაცხადა პრეზიდენტმა “ფორმულასთან” ინტერვიუში. პრეზიდენტის შეცვლილ პოზიციას კი “ოცნებაში” უკვე გამოეხმაურნენ. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ოპოზიცია თამაშობდა, თითქოს რეალურად აინტერესებდა პრეზიდენტის ქარტია. ხოლო როდესაც არჩევნები მოახლოვდა, ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილი თავზე არ დაისვა და მას საშუალება არ მისცა, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დაესახელებინა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა “ისეთი აბსურდული სურათი დახატა, რომელიც საზოგადოებაში ადვილად გაიშიფრა”. “როდესაც მოახლოვდა არჩევნები, რასაკვირველია, ოპოზიციამ არ დაისვა თავზე სალომე ზურაბიშვილი და არ მისცა მას საშუალება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა წარმოედგინა. იდეა ერთი იყო, რომ ხალხისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, თითქოს, არ მოდის სისხლიანი კოლექტიური “ნაცმოძრაობა”, არამედ ტექნიკური ინტელექტუალური მთავრობა გარკვეული პერიოდის მანძილზე. ეს იმდენად აბსურდული და არაკონსტიტუციური იყო, ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ, რასაკვირველია, ამ ლეღვის ფოთლის უკან ვერ დაიმალა ის რეალობა, რასაც კოლექტიური “ნაცმოძრაობა” მუდმივად ქადაგებდა. ადვილად გაიშიფრა და არა ოპოზიცია, არამედ საზოგადოება გახდა მიზეზი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკან წაიღო ეს გეგმა”, - ამბობს ვოლსკი. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი დადებითად აფასებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეცვლილ პოზიციას ე.წ. ტექნიკური მთავრობის და პრემიერობის კანდიდატის არჩევნებამდე დასახელებას. ძაბირაძე ამბობს, რომ პოლიტიკურად არ იქნებოდა მომგებიანი ახლა პრემიერობის კანდიდატის დასახელება და ამას “ოცნება” პირიქით, ამ კანდიდატის გასაშავებლად გამოიყენებდა”, - დასძენს გამოცემა.
“მე მივესალმები ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილებას და მიმაჩნია, რომ პოლიტიკურად სწორია. ახლა არჩევნებამდე დარჩენილ სამ დღეში აზრი აღარ ჰქონდა არც პრემიერის და არც ე.წ. ტექნიკური მთავრობის დასახელებას. პარტიების პოზიცია სწორია და მე ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ეს გაიზიარა. ახლა, რომ პრემიერობის კანდიდატი დაესახელებინა, მაშინ მის გაშავებას ამ დღეების განმავლობაში “ოცნება” დაიწყებდა. ხოლო თავად ოპოზიცია ამ კანდიდატურის საზოგადოებისთვის გაცნობას ვერ მოასწრებდა. მეორეც, მე მაინც მგონია, რომ არჩევნების შემდეგ თუკი ოპოზიციამ შეძლო და ერთიანად 76 მანდატი აიღო, მაშინ პრემიერობის კანდიდატად ზურაბიშვილის დასახელება უნდა მოხდეს. მგონია, რომ მასზე უფრო შეჯერდებიან პარტიები. ხოლო დანარჩენი სამინისტროები ამ პარტიებმა გადაინაწილონ. თუმცა, აქ კიდევ არის ერთი გარემოება, რომ თუკი “ოცნებამ” 51 მანდატის აღება მოახერხა, პრემიერის წარდგენას ის შეძლებს. ამიტომაც სჯობდა, რომ არჩევნებს დალოდებოდნენ და ეს გადაწყვეტილება მერე ყოფილიყო მიღებული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“მესმის “ოცნების” პროპაგანდის, რომ ოპოზიციაში ყველა იბრძვის იმისთვის, რომ პრემიერი გახდეს. ამაში არის ლოგიკაც და ყველაფერიც შეიძლება მოხდეს. ჩვენს პოლიტიკაში იმდენი რამ მომხდარა,რომ არაფერი გამიკვირდება. თუმცა, საზოგადოებამ დაინახა ერთი რაღაცა, რომ პრეზიდენტის გარშემო იყო კონკრეტული პარტიების მხრიდან მსჯელობა, დისკუსია და ამის შედეგად შეთანხმება მოხდა. ეს უკვე კარგია და ამომრჩევლის თვალში, პირიქით, დადებითად იმოქმედებს... არჩევნების შემდეგ რა როგორ იქნება, რთული სათქმელია. ისიც უნდა ვთქვათ, რომ “ოცნება” არ არის ისეთი წარმავალი ძალა, რომელსაც არ შეუძლია მნიშვნელოვანი ხმების აღება. ამიტომ ყველა სცენარი გასათვალისწინებელია. მე, მაგალითად, ზურაბიშვილის პრემიერობას და ივანიშვილის პრეზიდენტობასაც კი ვუშვებ. შესაძლოა მოვლენები ასეც განვითარდეს, რომ ოპოზიციამ შეძლოს ჯამში “ოცნებაზე” მეტის აღება. მოახდინოს მთავრობის დაკომპლეტება, მაგრამ საკრებულოების დონეზე მას უფრო მეტი ხმები ჰქონდეს, რის შედეგადაც პრეზიდენტის დასახელებას შეძლებს და ეს ივანიშვილი იყოს”, - მიიჩნევს ძაბირაძე.
“ოცნება” თვლის, რომ ოპოზიცია უკვე 27 ოქტომბრისთვის ემზადება და არა არჩევნებისთვის
“ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ოპოზიცია არა კონკრეტულად არჩევნებისთვის, არამედ 27 ოქტომბრისთვის ემზადება, მიზანი “არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლაა”. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, ამაზე რამდენიმე ინდიკაცია მეტყველებს, პირველი ნიშანი, რაზედაც პაპუაშვილი საუბრობს არის ის, რომ “ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას საერთოდ არ აწამოებს”. უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარემ ერთი და იგივე შინარსის განცხადება, ჯერ “იმედის” 22 ოქტომბრის ღამის ეთერში გააკეთა, 23 სექტემბერს კი, “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზეც გაიმეორა. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების ასეთი წინასწარი საუბრები, დიდი ალბათობით მიანიშნებს იმას, რომ თავად აპირებენ არჩევნების გაყალბებას, რაზედაც ოპოზიციას ბუნებრივად ექნება პროტესტი. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ამბობს, რომ რამდენიმე ინდიკაციაა, რაც გაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ოპოზიცია მართლაც 27 ოქტომბრისთვის ემზადება, მაგრამ ამასთანავე, ოპოზიციას ბევრი ხმა სჭირდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” თვლის, რომ ოპოზიცია უკვე 27 ოქტომბრისთვის ემზადება და არა არჩევნებისთვის.
“ერთი მხრივ ამით ხელისუფლებას სურს წარმოაჩინოს, რომ ოპოზიცია დესტრუქციული ძალაა, რომლის მიზანი არა ხალხის კეთილდღეობა და ვითარების გამოსწორება, არამედ დესტრუქციაა. თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ ოპოზიცია რეგიონებში კამპანიას ატარებს, მოსახლეობას აქტიურად ხვდება. ხელისუფლება ყველანაირ მეთოდს იყენებს - მოსახლეობის დაშინება, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, თანხის სანაცვლოდ აქციებზე ხალხის მიყვანა(23 ოქტომბერსაც ამას აკეთებენ), თუ სხვა. როგორც ჩანს, გაყალბებას ცდილობენ, ამას ბუნებრივია ოპოზიციისგან პროტესტი მოჰყვება და წინასწარი საუბარი ზუსტად ამის წინაპირობაა - იტყვიან, რომ აი, ხალხს ხომ ვაფრთხილებდითო. 26 ოქტომბერს არჩევნების წინასწარი შედეგები საღამოს, დაახლოების ათი საათისკენ გამოცხადდება და თუ ოპოზიციამ და ხალხმა იგრძნეს, რომ არჩევნები გაყალბდა, ქუჩაში გამოვლენ. დღეს ფიქსირდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მრავალი მაგალითი, პლუს პროპაგანდა, რაშიც ეკლესიაც ჩართეს და ა.შ.” - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“მედიაში და მე მგონი ისევ ივანიშვილთან გაიჟღერა ამ ვერსიამ, რომ ეს ოპოზიცია არც ხალხს ხვდება, არც ბევრი ბანერი აქვსო - ესე იგი, შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ არა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ 27-სთვის ემზადება. ეს არის სავარაუდო ნიშანი, მით უმეტეს, როცა სიების წარდგენები იყო, არც შემადგენლობები იყო ისეთი, იფიქრო, რომ კადრებზე კარგად იმუშავეს და ისეთები შეარჩიეს, ვინც ხმების მოზიდვაში გამოადგებათ. ამიტომაც ყველა ფიქრობს, რომ პასიურები არიან - არჩევნებისთვის ასეთი პასიური ოპოზიცია არ გვახსოვსო. თუმცაღა თუ საღი აზრით მივუდგებით, მათ ახლა ხმები ხელისუფლებაზე არანაკლებ სჭირდებათ. ხელისუფლებას ხმების სჭირდება იმისთვის, რომ დიდი სხვაობის შემთხვევაში, ვერავინ თქვას, რომ გაყალბდა - ამას თავის ზომა აქვს, რომლის იქით გაყალბებას ვერავის ვერ დააბრალებ, თუ 10%-ზე მეტი იქნა. ოპოზიციას კი სწორედ ამიტომ სჭირდება ბევრი მხარდამჭერი, რომ ხელისუფლების მაჩვენებელს მიუახლოვდეს და მერე გაყალბებაზე ლაპარაკი ადვილი იყოს. ვთვლი, რომ თუ 27-ისთვის ემზადებიან, მათ ასევე ხმების მოგროვებაზე უნდა იზრუნონ, როგორც ხელისუფლებამ. თუმცა, რადგან არ ზრუნავენ და პასიურები არიან, მე მგონი ეს უბრალოდ პოლიტიკური უუნარობა და მეტი არაფერი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე - “რა შესაძლო სცენარებზე შეიძლება იყოს საუბარი” - პასუხობს:
“გავიხსენოთ 2003 წელი, მაშინაც ე.წ.-მა რეფორმატორების ჯგუფმა არჩევნების შედეგები გააპროტესტა, რომლის ერთ-ერთი ლიდერი უდავოდ სააკაშვილი იყო. მივიდნენ პარლამენტში და ის პროცესი დაიწყო, რასაც თვალს ვადევნებდით - პარლამენტის სხდომაზე შევარდნენ და სააკაშვილი შევარდნაძეს მთელი ხმით გადადგომისკენ მოუწოდებდა. ახლა ოპოზიციას ასეთი ლიდერი არ ჰყავს, მაგრამ იმისთვის, რომ მერე პროცესები ქუჩაში გადავიდეს, მაგისთვის ლიდერი დიდ აუცილებლობას არ წარმოადგენს. აი ეს შეიძლება მოხდეს უკვე 27 ოქტომბერს, თუკი ხალხი დააჯერეს, რომ არჩევნები იყო უსამართლო. ეს დაჯერება კი ცოტა ძნელი იქნება, თუ დიდი სხვაობა იქნა”.
“პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის კამპანია უცხოეთიდან იმართება, რაც პირდაპირი ჩარევაა არჩევნებში. “ბევრი რამე მიანიშნებს, რომ მიმდინარეობს მზადება 27 ოქტომბრისთვის და არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლისთვის. ამას გინდა გადატრიალება დავარქვათ, ან რაც გინდათ ის. ეს არის 2020 წლის განმეორების მცდელობა. რა მიგვანიშნებს ამაზე: როცა საუბარია ესა თუ ის დარღვევა არის თუ არა, არსებობს უწყებათაშორისი კომისია, იუსტიციის სამინისტროს კოორდინირებით. არც ოპოზიცია დადის ამ კომისიაზე, არც “ენჯეოები”. თუკი რაიმე აქვთ პრეტენზიები, მივიდნენ, წარუდგინონ. კომისიაზე დადიან საერთაშორისო დამკვირვებლები, ეუთო/ოდირი ესწრება და ეს ყველაფერი აღრიცხული აქვთ მათ, რომ ისინი არ ესწრებიან. მათ რომ რეალური პრეტენზიები რაიმეზე ჰქონდეთ, მიიტანდნენ, გამოკვლეული იქნებოდა და საზოგადოება დაინახავდა. ახლა რას აკეთებენ? - გამოდიან, ატარებენ ბრიფინგს, მარცხნივ-მარჯვნივ მოისვრიან ბრალდებებს”, - ამბობს პაპუაშვილი, რომლის თქმით, “მათი დაბალი სტანდარტი არის ის, რომ მათი ბრალდებები ჭორ-მართალზეა დაფუძნებული და რაოდენობაშიც არ აქვთ ბევრი”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ვუყურებთ, რომ კამპანიას საერთოდ არ აწარმოებენ. ნებისმიერს ჰკითხეთ, ვინც საარჩევნო პროცესებშია ჩართული, ოპოზიცია რეგიონებში საერთოდ არ ჩანს, არანაირი კამპანია არ აქვთ. “ქართული ოცნება” ერთადერთი პარტიაა, რომელსაც დელეგატები ჰყავს დასახელებული, არც ერთ სხვა პარტიას არ დაუსახელებია იმიტომ, რომ რეგიონში არ ჰყავთ ადამიანები, ავტორიტეტები, რომლებსაც მიესვლებათ მოქალაქეებთან და სათქმელი ექნებათ რამე. მათი მთელი კამპანია, ყველაზე კარგ შემთხვევაში არის ის, რომ ტელევიზიიდან ესაუბრონ ხალხს და ყველაზე ცუდი, რაც სინამდვილეში ხდება არის ის, რომ მათ კამპანიას უცხოეთიდან უწარმოებენ. ჩვენ ვაკვირდებით, დღე არ გადის, რომ უცხოეთიდან 2-3 განცხადება არ იყოს, რომელიც არის პირდაპირი ჩარევა საარჩევნო საკითხებში. ასეთი ანომალია საქართველოში არასდროს მომხდარა. ეს არის საერთო ჯამში სამწუხარო მდგომარეობა და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ჩვენი მოქალაქეები დარაზმულად, მობილიზებულად მოვიდნენ 26 ოქტომბერს და მათი სიმრავლე არის ყველაზე ძლიერი იარაღი ნებისმიერი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ “იმედის” ეთერში გადაცემაში “არჩევანის პირისპირ”, - დასძენს გამოცემა.
რა გზავნილები გაჟღერდა “ოცნების” დასკვნით აქციაზე და რა მიზანი აქვს თბილისის საფინალო შეკრებას
“ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია თბილისში, საფინალო მასშტაბური აქციით დაასრულა. მმართველი პარტიის მხარდამჭერები მთავარ ღონისძიებას რესპუბლიკის მოედანზე მსვლელობით შეუერთდნენ, როგორც დედაქალაქიდან, ისე რეგიონებიდან. სპეციალურად გამართული სცენიდან კი, შეკრებილ ადამიანებს პარტიის ლიდერებმა 19:00 საათიდან მიმართეს. ოპოზიცია მმართველ პარტიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ თავის სამსახურში ამყოფოს საჯარო მოხელეები. მათი შეფასებით, 23 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით გაუქმებული იყო სსიპ და ააიპ-ების ყველა სერვისი. “აქცია მრავალრიცხოვანია, ვფიქრობ, რომ “ოცნებას” 58-60% უკვე ჯიბეში აქვს”, - აცხადებს ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე. “ასე იყო სულ - ხელისუფლების მიერ ორგანიზებული აქცია, არის ძალით გამოყენებითი აქცია, ის რეალურ სურათს არასდროს არ ასახავს. ხელისუფლებას კი ძალის დემონსტრირება უნდა, მაგრამ რამდენი ადამიანი ირწმუნებს, რომ გულწრფელად მისული ხალხია - ესაა საინტერესო”, - თვლის ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა გზავნილები გაჟღერდა “ოცნების” დასკვნით აქციაზე და რა მიზანი აქვს თბილისის საფინალო შეკრებას.
“შეკრებილებს მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ - “ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, მაგრამ არა ისე, როგორც ამას გარედან მოგვიწოდებენ. ჩვენ არ ვიქნებით ვინმეს ვასალი, ვერ ვიქნებით გარედან ქვეყნის წინააღმდეგ ბრძანებების შემსრულებლები, საქართველოს ინტერესები არ დაითმობა, არ დაითმობა ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რომელიც მოვიპოვეთ სისხლით, რომელიც მოიპოვა ჩემმა, შენმა, ჩვენმა წინაპრებმა. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მზად ვართ, ვიყოთ ღირსეული პარტნიორები, ღირსეული მეგობრები. ევროპა და ევროპელობა ჩვენთვის ღირებულებებია, რომელიც ქრისტიანულ საწყისებზეა დაფუძნებული. ის ღირებულებებია, რაც საერთოა ჩვენთვის - თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა. აი, ასეთი ევროპული მომავლისკენ ვისწრაფვით ჩვენი ფასეულობებით, უნიკალურობით, ჩვენი რწმენითა და იდენტობით. შესაბამისად, ჩვენ საკუთარი ტრადიციებით, საკუთარი კულტურით, წელში გამართული გავაღებთ ევროკავშირის კარს”, - თქვა კალაძემ, რომლის თქმით, “გავამდიდრებთ მას ჩვენი მრავალფეროვნებით”, - აღნიშნავს გამოცემა.
“საქართველო იქნება ყველასთვის სასურველი პარტნიორი და არა ხელგაწვდილი, მოწყალების მთხოვნელი და ცალ ფეხზე მდგომი...”, - განაცხადა კალაძემ. “ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “მეორე მხარეს ომის, ღალატისა და ძალადობის სიმბოლოდ ქცეული ოთხ პარტიად ქცეული აგენტურის კოალიცია დგას”. მისი თქმით, “კრიმინალი სააკაშვილისა” და “ჯალათი პროკურორის გვარამიას” პარტიების შემდეგ მესამე პარტია წინა ორის დანამატია და ის ეკუთვნის “სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის ფინანსურ ჯალათად წოდებული ბიზნესის რეკეტიორს და მოროდიორს, ასევე კრიმინალს და თაღლითობაში ოფიციალურად მხილებულ ხაზარაძეს. ხოლო მეოთხე პარტია წინა სამის დანამატია, და ეკუთვნის საკუთარი გუნდისა და სამშობლოს მოღალატეს, გიორგი გახარიას”. ღარიბაშვილის განმარტებით, “სწორედ ხაზარაძისა და გახარიას მთავარ ამოცანას წარმოადგენს ბარიერის გადალახვა და აგენტურის კოალიციაში შესვლა და დღეს, ყველაზე მეტად სწორედ ისინი ეხმარებიან მთავარ კრიმინალ სააკაშვილს და მის სისხლიან რეჟიმს შენიღბული ფორმით აგენტურის კოალიციის სახით ხელისუფლებაში დაბრუნებაში”, - განაგრძობს გამოცემა.
“აქციაზე ის თანამოაზრე ხალხი შევიკრიბეთ, ვისაც გვაწუხებს ის მდგომარეობა, რაც საქართველო მიმართ არის შექმნილი თანამედროვე მსოფლიოში. გლობალურ აგრესიულ ძალებს საქართველოს ომში ჩართვა სურთ, შევიკრიბეთ და “ქართული ოცნების” პროგრამას ვუჭერთ მხარს, რომელმაც 2012 წლიდან დღემდე ქვეყანა უომრად მოიყვანა და მეტიც, საქართველოს ერთი სანტიმეტრი მიწაც არ დაუკარგავს. ისტორიკოსი ვარ და შედეგების მიხედვით ვსაზღვრავ, “ოცნებას” ამ მხრივ ძალიან დადებითი შედეგები აქვს. გაუგონარი ამბავი ხდება და არსად არ წამიკითხავს, რასაც საქართველოში დასავლეთის ზოგიერთი ელჩი აკეთებს, როდესაც ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დაუფარავად ერევიან. უფრო მეტიც, დღეს საქართველოში ოპოზიცია არ აქტიურობს და მათ როლს ევროკავშირის ცალკეული ქვეყნის ელჩები ასრულებენ, რომლებიც განცხადებას განცხადებაზე აკეთებენ. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა გვქვია და ჩვენს სუვერენიტეტს აფურთხებენ.”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
“ზუსტად ამაზე ვართ აღფოთებულები და ამიტომ გამოვედით, ერთხელ და სამუდამოდ თუ მოვცილდით რუსეთს და ჩრდილოეთისგან დავიხსენით თავი, დასავლეთიც დაგვეხსნას და გვაცალოს, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გევყუდონდეს. ოპოზიციის, სინამდვილეში “მეხუთე კოლონის” აქცია მაქსიმუმ 15-18 ათასიანი იყო, ამას ჰაერზე არ ვსაუბრობ, აქციებზე ხალხის რაოდენობაზე ორი დიდი ტომი მაქვს დაწერილი დოკუმენტური მასალებით. თუ ოპოზიცია რუსთაველზე 200 ათას ადამიანს ვერ დააყენებს, ის არჩევნებს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოიგებს. 2012 წლის 29 სექტემბერს რუსთაველზე მინიმუმ 300 ათასი კაცი იდგა. ვფიქრობ ახლაც ძალიან მრავალრიცხოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სიცივეა. ჩემი გადასახედიდან, “ოცნებას” უკვე 58-60% ჯიბეში უდევს”, - დაასკვნის ედიშერ გვენეტაძე.
“რა თქმა უნდა, ეს ძალის დემონსტრირება და იმის ჩვენებაა, რომ ძალიან ბევრი ხალხი უჭერს მხარს და რომ მათი რეიტინგი ძალიან მაღალია. ოღონდ მანდ ერთი საკითხია - ხელისუფლებას ასეთი აქციის ორგანიზება ყოველთვის შეეძლო და შეუძლია, არ ვიცი რამდენკაციანი აქციაა, მაგრამ მახსენდება, რომ 2012 წელს, სწორედ არჩევნების წინ, მიხეილ სააკაშვილმა მთელი სტადიონი გაავსო, სადაც თუ არ ვცდები 100 ათასი კაცი ეტევა. თუმცა, ამან არ უშველა და არც არასდროს იყო საშველი. თავის დროზე შევარდნაძემაც გააკეთა, მაგრამ ეს არ შველის. ხელისუფლების ორგანიზებული აქცია არის ძალის გამოყენებით აქცია, ამიტომ ის რეალურ სურათს არასდროს არ ასახავს. ხელისუფლება ძალის დემონსტრირება კი უნდა, მაგრამ რამდენი ადამიანი ირწმუნებს, რომ გულწრფელად მისული ხალხია, ესაა საინტერესო. როგორც წესი, ასეთ აქციას დიდი მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე, არც არასდროს ჰქონია და არც ახლა ექნება”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.