ზოგჯერ საჩუქარი ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ბავშვებს სწავლისა და განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. სოფლის სკოლებისთვის ახალი წიგნები, კომპიუტერები და სასკოლო ნივთები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, რომელიც ყოველდღიურ სასწავლო პროცესს ამარტივებს და აუმჯობესებს, მოსწავლეებს კი - მოტივაციას უძლიერებს.
NMG-ის (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სოფლის საჯარო სკოლებმა საგანმანათლებლო რესურსები მიიღეს საჩუქრად. ახალი წიგნებით შეივსო სასკოლო ბიბლიოთეკები, კომპიუტერებით აღიჭურვა სასწავლო სივრცეები, მოსწავლეები კი სასკოლო ნივთებით პირადად დასაჩუქრდნენ.

ირაკლი ბაზაძის სახ. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორის ნინო მოდებაძის თქმით, მათი სკოლა მცირეკონტინგენტიანია და, ფაქტობრივად, ორი პატარა სკოლის გაერთიანების შედეგად, ჯამში დაახლოებით 40 მოსწავლეს აერთიანებს.
„ყველა, ბავშვებიც, მშობლებიც და მთელი სასკოლო საზოგადოება უზომოდ გახარებულები ვართ. ჩვენი ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით აღიჭურვა და ბავშვებმა უკვე დაიწყეს მათი გამოყენება. კომპიუტერების ოთახში კი დაგვიმონტაჟეს ორი ახალი კომპიუტერი, რომლებითაც უკვე აქტიურად ვსარგებლობთ. ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარი და უდიდესი მოტივაციაა“, - აღნიშნავს ნინო მოდებაძე.
„კომპიუტერები და წიგნები მოგვიტანეს. ბავშვებიც და მშობლებიც ამ სიურპრიზით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. ჩვენს ბიბლიოთეკას საკმაოდ ძველი წიგნები ჰქონდა. ახლა კი ბევრი ახალი, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ზუსტად შერჩეული წიგნი შემოგვემატა. საჩუქრებით ძალიან გაგვახარეს. ეს ყველაფერი სასწავლო პროცესში თითოეულ ბავშვს დაეხმარება“, - ამბობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო დათუნაშვილი.

საჩუქრების მიღების ემოცია განსაკუთრებული იყო დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის. სკოლაში ამ ეტაპზე 65 მოსწავლე სწავლობს. მიღებული წიგნები და ტექნიკა მათთვის მნიშვნელოვანი შენაძენი აღმოჩნდა.

„ბავშვები იმდენად აღფრთოვანებულები იყვნენ, რომ საჩუქრების დანიშნულების ადგილზე მიტანამდე, პარკები გზაშივე გახსნეს და ემოციურად კითხულობდნენ, ნამდვილად მათთვის იყო თუ არა ეს ყველაფერი. მიღებული წიგნები და ტექნიკა ჩვენთვის იდეალურად შერჩეული და უზომოდ მნიშვნელოვანი საჩუქარი აღმოჩნდა. გათვალისწინებულია მოსწავლეების ასაკობრივი კატეგორიებიც. ეს ყველაფერი სასწავლო პროცესისთვის ძალიან გამოგვადგება“, - აღნიშნავს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსულებელი მარიკა ნარიმანიძე.

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლაში NMG-ის ვიზიტი ბავშვებისა და სასკოლო საზოგადოებისათვის განსაკუთრებული ემოციებით იყო სავსე. ჩვენი სკოლისთვის ხარისხიან საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა გამოწვევაა და ვცდილობთ ყველა ბავშვისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამ მიზნის მიღწევაში დიდი მხარდაჭერა გამოიჩინა „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფმა“, ჩვენ სკოლას საჩუქრად გადმოსცა პერსონალური კომპიუტერები და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის წიგნები, მოსწავლეებს კი - ინდივიდუალური საკანცელარიო ნივთების საკრები. შედეგად, ჩვენთან სასწავლო გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება,“ - განმარტავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ გურული.

NMG-იმ სკოლების დახმარების პროექტი 2022 წელს დაიწყო და მას შემდეგ წლის განმავლობაში რამდენიმე სკოლას ეხმარება. ამ დრომდე, კომპანიისგან საჩუქრები 40-ზე მეტმა სკოლამ და 10 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.