პრეზიდენტმა ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა, ვერაზე მოკლული 22 წლის ახალგაზრდა ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი დღეა.

„არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება ის, რომ თუ ასე განვითარდა ეს ყველაფერი, რომ მოვლენები, ეს იყოს ჩემ მიერ ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის და თაობისთვის. მინდა, ეს დღე და ეს დაჯილდოება ასე წარმოვიდგინო. ეს ცხადია, იმ ახალგაზრდის ხსოვნას მიეძღვნება, რომელმაც მოკლე დროში ბევრი შეძლო და ბევრი დაუტოვა თავის მეგობრებს, ოჯახს, თაობას. ასეთი მაგალითები არის ის, რითაც ჩვენ ვიზრდებით, რითაც საზოგადოება არსებობს. რაც ყველაზე მეტად გვიჭირს დღეს იმის დანახვაა, რომ საზოგადოებას აქვს თავისი სიცოცხლის უნარი. პარადოქსია, რომ ზოგჯერ გარდაცვალება მოიცავს სწორედ ამ უზარმაზარ სიცოცხლის უნარს. ალბათ, ჩვენი ქვეყნის ისტორია სწორედ ესაა, რომ ყველაზე დიდი ტრაგედიებიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ძალა, ენერგია, თუ არადა აქამდე დღემდე არ მოვიდოდით. არ მინდა დღეს ჩვენ ტრაგედიად განვიცადოთ ის, რაც ოჯახისთვის და მისი მეგობრებისთვის ტრაგედიაა და ამას ვერაფერი წაშლის. მაგრამ ამ ტრაგედიის იქით, მინდა დავინახო იმედი, მინდა დავინახო ის ახალი თაობა, რომელიც მოდის, რომელიც ყველაფერს ფლობს, სადაც არ უნდა იყოს. ვიცით, რომ უცხოეთში იყო გაზრდილი, ნასწავლი, ბევრი ქვეყანა მოიარა და ეს არის დღევანდელი დღის მოცემულობა, რომ არავინ არ არის ერთ ადგილას. ამით ვართ დღევანდელი მსოფლიოს ნაწილი. ჩაკეტილობა არასდროს იყო ჩვენთვის მიმზიდველი და არასდროს იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ახალგაზრდები მაინც მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყანა მათი ქვეყანაა; აქ არის მათთვის პერსპექტივა და არ ჩაიქნევენ ხელს, არ იფიქრებენ, რომ სხვაგან და მხოლოდ სხვაგან უნდა მონახონ ახალი პერსპექტივა. ეს ჩვენი, ვინც აქ ვართ და ვისაც გვაქვს პასუხისმგებლობა, გასაკეთებელია, რომ ისევ დაინახონ, რომ ამ ქვეყანას სჭირდება თავისი ახალგაზრდობა, სჭირდება ახალი თაობა, სჭირდება ნიჭიერი ახალგაზრდები, სჭირდება ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც შორს მჭვრეტლები არიან და ხედავენ, რომ ახალი მსოფლიო იქმნება. ეს ყველაფერი იყო მოცემული... სამწუხაროდ, მისი ცხოვრება ძალიან მალე დასრულდა და დანარჩენი ჩვენ დაგვიტოვა ყველას გასაკეთებლად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

„ეს დიდი ჯილდო ეკუთვნის მომავალ თაობას. ახალგაზრდებო, თქვენ გეკუთვნით, რათა განათლებით, სწორი ღირებულებებით და თავისუფალი სამყაროსკენ სწრაფვით შექმნათ მომავლის საქართველო. პრეზიდენტო, გიდასტურებთ პატივისცემას და მადლიერებას”,- აღნიშნა იზა ომაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. ჭელიძეს 17, ხოლო კავილაძეს 16-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდნენ.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის