საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, მრგვალი მაგიდა გაიმართა სახელწოდებით - მომხმარებლის უფლებების დაცვა და მდგრადობის გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.
ინფორმაციას ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა გახსნეს - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ; პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა და TWINNING-ის პროექტის მუდმივმა რეზიდენტმა მრჩეველმა, იუსტინა პაულაუსკაიტემ.
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი ახლა დასკვნით ეტაპზეა.
„საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური თანამონაწილეობით, მომხმარებლის უფლებების დაცვის ფორმატები მეტად ქმედითი და შედეგზე ორიენტირებულია. მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის ჩვენ უცხოელ და ქართველ ექსპერტებს, არასამთავრობო და აკადემიურ სექტორს ჩართულობისთვის, მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, ერთობლივ ფორმატში აქტიური მუშაობა მოგვცემს შესაძლებლობას აღსრულების პროცესი იყოს მეტად ეფექტური.
სააგენტო მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, თითქმის, ერთი წელია აქტიურად მუშაობს. აღნიშნულ პერიოდში, კანონში ცვლილებები შევიდა, დაიხვეწა და ჩასწორდა რიგი საკითხები, ათასობით მომხმარებლის უფლება აღდგა და ათობით კომპანიამ შეცვალა თავისი შიდა პოლიტიკა. სექტემბრის თვეში, ჩვენი უწყება მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) პარტნიორი გახდა. დასკვნით ეტაპზეა სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი”, - განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ და დამსწრე საზოგადოებას მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, სემინარზე, მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში, არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობა, მეთოდიკა და შედეგები ლიეტუვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყების ხელმძღვანელმა, გოდა ალექსაიტემ მიმოიხილა. საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე პრეზენტაცია წარადგინა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ შაიშმელაშვილმა. ლიეტუვის მომხმარებლის უფლებების დაცვის უწყების დირექტორის მოადგილე, აიდა გასიუნაიტე-სტავგინსკიენესმა, მონაწილეებთან ერთად დეტალურად იმსჯელა - მომხმარებლის უფლებების ფორმატებზე, შესაძლებლობებსა და აკადემიური სექტორის ჩართულობაზე.
„სემინარი დისკუსიის, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ - ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, არასამთავრობო, მედიის, აკადემიური სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.