მსოფლიოს საჭადრაკო ისტორიაში ეპოქის შემქმნელი, მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოში საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და საქართველოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისა და უნიკალური სპორტული მიღწევებისათვის, თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია დღეს ჭადრაკის სასახლეში, ნონა გაფრინდაშვილის მსოფლიო ტურნეს „ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“ წარდგენაზე გაიმართა, სადაც სახელმწიფო ჯილდო მოჭადრაკეს პრეზიდენტმა პირადად გადასცა.
,,ქალბატონო ნონა, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ აქ მომიწვიეთ სწორედ დღეს, როცა თქვენი ახალი მსოფლიო ტურნე იწყება. ძალიან სასიხარულოა, რომ სულ სიახლეებში ხართ და ეს ალბათ, თქვენი ერთ-ერთი მუდმივი ნიშანია, რომ სულ რაღაც ახლის დაწყება გიწევთ და ამისათვის ყოველთვის გქონდათ და დღესაც გაქვთ ენერგია და მზაობა. მინდა მოგილოცოთ ეს დღე.
უკვე დიდი ხანია ვეძებდით მომენტს, როცა საშუალება მოგვეცემოდა თქვენთვის ეს ორდენი გადმოგვეცა და მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით. მეც ვღელავ, რადგან თითქმის ყველა ორდენი გაქვთ მიღებული, ამიტომ ძალიან ძნელია ახლის მოფიქრება, მაგრამ ერთი ორდენი არ გქონდათ და მე მგონი, ძალიან სწორი არჩევანი გაკეთდა, რომ დღეს დამეჯილდოვებინეთ იმ დედოფლის ორდენით, რომელიც მეფეებზე მაგარი იყო - ანუ, თამარ მეფის ორდენით.
ეს ორდენი არ არის თქვენი სპორტული გამარჯვების აღმნიშვნელი ჯილდო, ეს უფრო იმას აღნიშნავს, თუ რას წარმოადგენთ თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის.
ქალბატონო ნონა, თქვენ ყველა ასაკისთვის და მით უფრო ახალგაზრდებისთვის უდიდეს მაგალითს წარმოადგენთ. მაგალითს იმისა, რომ ცხოვრებაში სულ მუდამ უნდა ეძებდე უფრო და უფრო დიდ წარმატებას. მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა წარმოადგინო შენი ქვეყანა გარეთ და ქვეყნის შიგნით მე ვიტყოდი, თქვენ ხართ ერთადერთი ადამიანი, რომელზეც ყველა თანხმდება. ანუ თუ ჩვენში კიდევ არსებობს ეროვნული თანხმობის რაღაც ნიშნები, რაზეც ჩვენ შეიძლება მომავლისათვის იმედი დავამყაროთ, ეს თქვენ ხართ.
მე მგონი, რომ თქვენს ირგვლივ ვერ იქნება ვერანაირი პოლარიზაცია. თქვენში ჩვენ ყველა ჩვენს თავს ვხედავთ, ვხედავთ იმ წარმატებულ და ძლიერ საქართველოს, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ გარეთ და შიგნით. დარწმუნებული ვარ, რომ ის ტური, რომელიც ახლა იწყება, სწორედ ამ ნიშნითაცაა გამორჩეული, რომ თქვენ გარეთ გაიტანოთ არა თქვენი თავი, (ვიცი რომ, თქვენი თავმდაბლობა ამას ვერ აიტანდა) არამედ საქართველოს ის სახე, რომელსაც ჩვენ ყველა პატივს ვცემთ და რომელსაც ქვეყნის გარედანაც პატივი უნდა სცენ. ძალიან დიდი მადლობა თქვენი ღვაწლისთვის და მიიღეთ ჩემი პატივისცემა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.