საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალდანიშნულმა ელჩმა, რობინ დანიგენმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, რის შემდეგაც მინისტრსა და ელჩს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.

„აღინიშნა ყველა პრიორიტეტულ სფეროში, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ოთხივე მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.

რობინ დანიგენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა.

ამერიკის ელჩს ინფორმაცია მიეწოდა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები მჭიდრო სამომავლო ურთიერთობებსა და კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება