მეუფე შიო - ყოველი ადამიანის ვალია ევედროს უფალს, ეძიოს ეს გზა და ამ გზით იაროს - ჩვენი ერიც, მიუხედავად მრავალი შეცდომისა და დაცემისა, ყოველთვის ცდილობდა ამ ღვთივდადგენილი გზით ევლო

საუფლო კვართი გახლავთ ეკლესიის ერთიანობის სიმბოლო... ჩვენმა დიდმა წინაპრებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ კვართის ფლობა - ეს არის დიდი ლოცვა-კურთხევა ღვთისგან, ჩვენი ერისთვის ღვთისგან დადგენილი სამოღვაწეო დანიშნულება. კვართის მცველობა გულისხმობს თავდადებას და მოღვაწეობას ეკლესიის ერთიანობისა და სიწმინდის შენარჩუნებისთვის. ამიტომაც შემოინახეს მათ ასე უმწიკვლოდ და წმინდად მართლმადიდებელი სარწმუნოება ჩვენამდე,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიოს (მუჯირმა) სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ დღედ განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენი ერის წარსულზეც, აწმყოსა და მომავალზე.

„გილოცავთ სვეტიცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, მოლოცვას, შეგვეწიოს ჩვენ და მთელ საქართველოს მისი კურთხევა. აი, ამ შესანიშნავ დღეს ყოველთვის განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენი ერის წარსულზეც, აწმყოსა და მომავალზეც. ვფიქრობთ იმაზე, თუ რამ განაპირობა, რა ძალამ და მადლმა, რომ ამდენი ქარტეხილის მიუხედავად, ჩვენი ერი დღემდე მოვიდა და გადარჩა. ღირსმა მაქსიმე აღმსარებელმა ასეთი შესანიშნავი რამ ბრძანა: „სანამ ღმერთი შექმნიდა სამყაროს, შექმნიდა საუკუნეებს, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა მან განსაზღვრა ყოველი ადამიანის ცხოვრება მისთვის სასარგებლოდ, ადამიანისთვის სასარგებლოდ და ღმერთს უნდა, რომ ყველა ადამიანი ამ საღვთო გზით ატაროს“. ამიტომ ყოველი ადამიანის ვალია, ევედროს უფალს, ეძიოს ეს გზა და ამ გზით იაროს. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი ერიც, მიუხედავად მრავალი შეცდომისა და დაცემისა, ყოველთვის ცდილობდა, ამ ღვთივდადგენილი გზით ევლო და უფალიც ყოველთვის შეგვეწეოდა ჩვენ ამაში, ამ გზას გვინათებდა. ამის მრავალი დამადასტურებელი ნიშანი არსებობს. ღვთის უდიდესი წყალობის გამოვლინება არის მცხეთაში მაცხოვრის საუფლო კვართის მობრძანება. ჩვენი ერის ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა, წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და სხვა მოციქულების ჩვენს მიწა-წყალზე ქადაგება, შემდეგ, IV საუკუნეში წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს მობრძანება და ქადაგება, წმინდა მოციქულთა სწორთა, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევა, ქართლის მოქცევა, მთელი ჩვენი ერის გაქრისტიანება, სვეტიცხოველთან და მცხეთის ჯვართან დაკავშირებული მოვლენები და სასწაულები, შემდეგ, V საუკუნეში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით ჩვენი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მოპოვება, ასეთი განსაკუთრებული ნიშანი იყო ასევე VI საუკუნეში ღირსი ასურელი მამების ჩამობრძანება და ჩვენს ქვეყანაში მონაზვნობის და სამონასტრო ცხოვრების გავრცელება და დაფუძნება, შემდეგ ბაგრატიონთა დინასტიის დაარსება, და ა.შ. მაგრამ ამ ჩამოთვლილი მოვლენებიდან, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული იყო წმინდა კვართის მობრძანება ჩვენს ქვეყანაში და დავანება მცხეთაში, ამ წმინდა ტაძარში.

თქვენ იცით, ეკლესიის მამების სწავლებით, რომ საუფლო კვართი არის სიმბოლო ღვთისგან მომავალი ერთობისა. იმ ერთობისა, რომლის დარღვევაც არ ძალუძს კვართის მფლობელს. წმინდა მამები წერდნენ, რომ ქრისტეს შესამოსელი ვერ ექნება იმას, ვინც განყოფს და არღვევს ქრისტეს ეკლესიას. ამ ერთობაზე საუბრობს უფალი იესო ქრისტე, როდესაც ბრძანებს: „მე და მამა ერთ ვართ“, ასევე, როდესაც ლოცვით მიმართავს მამაზეციერს. თქვენ გახსოვთ, სამეუფოო ლოცვაში იგი ლოცულობს ყოველი მორწმუნისთვის და ასეთ სიტყვებს ამბობს: მამაო, ის დიდება, რომელიც შენ მე მომეცი, მე მათ მივეცი, რომ ისინიც ერთ იყვნენ, როგორც მე და შენ ერთნი ვართ. ამრიგად, აი, საუფლო კვართი გახლავთ ეკლესიის ერთიანობის სიმბოლო და, შესაბამისად, უფალ იესო ქრისტეს სიმბოლოც, როგორც მის მიერ დაარსებული ეკლესიის თავისა. ეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ კვართის ფლობა - ეს არის დიდი ლოცვა-კურთხევა ღვთისგან, ჩვენი ერისთვის ღვთისგან დადგენილი სამოღვაწეო დანიშნულება, კვართის მცველობა გულისხმობს თავდადებას და მოღვაწეობას ეკლესიის ერთიანობისა და სიწმინდის შენარჩუნებისთვის. ამიტომაც შემოინახეს მათ ასე უმწიკვლოდ და წმინდად მართლმადიდებელი სარწმუნოება ჩვენამდე. ეს ყველაფერი იმიტომ ჩამოვთვალე და მოგახსენეთ, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რა ძალამ გადაგვარჩინა ჩვენ, რამ მოგვიყვანა აქამდე. ამაზე შესანიშნავ პასუხს სცემს წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე). ის წერდა, რომ ქართველი ერი ეწამა და ჯვარს ეცვა ქრისტესთვის, ეკლიანი გვირგვინი დაიდგა, მაგრამ ჭეშმარიტი სარწმუნოება არავის შეარყევინა და ნათელი ბნელით არავის შეაცვლევინა. მხოლოდ ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნება. აი, ეს არის წმინდა ილია მართლის სიტყვები. და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ დღესაც, ღვთის მადლით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წინამძღოლობით და ლოცვა-კურთხევით, ჩვენი ერი წმინდად ინახავს მართლმადიდებელ სარწმუნოებას. გვწამს და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც, თუ ჩვენ ამ ღვთივდადგენილი გზით ვივლით, თუ ვეცდებით, რომ აღმოვფხვრათ ის ცოდვები, რომლებიც მიუღებელია ღვთისთვის, რაც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის გამრავლებას, განვითარებას, სულიერ აღმავლობას, მაშინ მადლი სულისა წმინდისა, რომელიც ყოველთვის ჩვენთან იყო, ამიერიდანაც არ დაგვტოვებს, ჩვენთან იქნება, შეგვეწევა და გაგვაძლიერებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ინებოს უფალმა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და ლოცვით, წმინდა საუფლო კვართის მადლითა და ძალით გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო, ამინ”,-აღნიშნა მეუფე შიომ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა