ისრაელის თავდაცვის ძალები და თავდაცვის სამინისტრო აცხადებენ, რომ იმ დასახლებების მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავენ, რომლებიც ლიბანის საზღვრიდან ორ კილომეტრამდე მანძილზე მდებარეობენ, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მხრიდან რამდენიმე სარაკეტო თავდასხმის ფონზე მიიღეს.
თავდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სამსახურის ცნობით, მოქალაქეებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საოჯახო სასტუმროებში გადაიყვანენ.
ისრაელის თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევაკუაციის გეგმა 28 დასახლებას ეხება და ის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა უკვე დაამტკიცა.