საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს 60 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სამეცნიერო-აკადემიური წრეები, თანამშრომლები და სტუდენტები რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს დაბადებიდან 60 წლის იუბილეს ულოცავენ.

„ბატონო დავით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი კოლექტივის, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სახელით, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს - 60 წლის იუბილეს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თქვენი მოღვაწეობა მთლიანად ეძღვნება უნივერსიტეტის აღმშენებლობას, განვითარებასა და წინსვლას. მიუხედავად სირთულეებისა, გატარებული რეფორმების საფუძველზე, თქვენ შეძელით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობადობა და ხილვადობა აგემაღლებინათ, როგორც სამხრეთ კავკასიის, ასევე, მსოფლიო მასშტაბით.

თქვენ შეკრიბეთ გუნდი, რომელმაც უნივერსიტეტს მრავალი წარმატება მოუტანა. საკმარისია გავიხსენოთ მხოლოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი უნივერსიტეტის ბოლოდროინდელი ცხოვრებიდან, როცა ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ საერთაშორისო ABET აკრედიტაცია მოიპოვა. ეს არის უმნიშვნელოვანესი და წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც უშუალოდ თქვენს სწორ და მიზანმიმართულ საქმიანობას უკავშირდება.

თქვენ შეძელით და განავითარეთ საუნივერსიტეტო კულტურულ-სპორტული მიმართულებები და ამით ჩვენს ახალგაზრდებს მიეცით საშუალება, ყოფილიყვნენ ასწლოვანი ტრადიციების ღირსეული გამგრძელებლებები. ისინი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობენ დიდ ღონისძიებებსა თუ ასპარეზობებში და წარმატებას აღწევენ. ასევე, თქვენი დამსახურებით, წარმოდგენები განაახლა უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახემ“. სტუ-ის სტუდენტებით დაკომპლექტებული დასი ქართულ და უცხოურ სცენებზე წარმატებით მართავს სპექტაკლებს.

ბატონო დავით, თქვენი დამსახურებაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის CERN-თან, KEK-თან, J-Parc-თან, FERMILAB-თან, ასევე, უილიხისა და ევროპის სხვა წამყვან ცენტრებთან თანამშრომლობის გაღრმავება, მჭიდრო კონტაქტების დამყარება გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან, რაც ჩვენს მეცნიერებსა და სტუდენტებს აძლევთ საშუალებას, მსოფლიოს გააცნონ უნივერსიტეტის ახალი სამეცნიერო მიღწევები და საქართველოსა და უცხოეთში ჩაატარონ მნიშვნელოვანი კვლევები. მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია კი მრავალი წარმატების საწინდარია. თქვენი დამსახურებაა, რომ უნივერსიტეტში აქტიურად ვითარდება და მოდერნიზებას განიცდის სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლესი ლაბორატორიების სახით, რისი გამოყენებაც ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების ფორმირებისთვის, წარმატებული კოლაბორაციისა და საერთო მიზნებისთვის შეგვიძლია.

უშუალოდ თქვენი დამსახურებაა, ბოლო წლებში აბიტურიენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტით უფრო და უფრო რომ ინტერესდებიან, რამაც გამოიწვია სტუდენტთა რაოდენობის ზრდა. უშუალოდ თქვენი მხარდაჭერით უნივერსიტეტში მეცნიერთა შრომა და მოღვაწეობა ესოდენ დაფასებულია, სტუდენტთა შორის მოტივაცია გაზრდილი, სასწავლო პროცესი კი მეტად უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს - მადლობა თქვენ ამ და კიდევ მრავალი სასიკეთო გადაწყვეტილებისთვის.

უღრმესი პატივისცემით გილოცავთ იუბილეს, გისურვებთ წარმატებებს უნივერსიტეტისა და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

ცნობისთვის, დავით გურგენიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად, სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ 2020 წელს აირჩია.

დავით გურგენიძე არის ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, საქართველოს დამსახურებული მშენებელი, ოთხი წლის განმავლობაში იყო ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, არის საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პრეზიდიუმის წევრი. არის საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე. საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი), საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრი (აკადემიკოსი), საქართველოს პარლამენტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ევროპის მშენებელ ინჟინერთა საბჭოს (ECCE) და მსოფლიოს მშენებელ ინჟინერთა საბჭოს (WCCE) ოფიციალური წევრი, საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების საპატიო წევრი, აკადემიკოს ი.ვ. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის (სომხეთის რესპუბლიკა), ბელოსტოკის (პოლონეთი) ტექნიკური უნივერსიტეტის, უკრაინის ნაციონალური საავიაციო უნივერსიტეტის, სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ნაციონალური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.

დავით გურგენიძე სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდაში შეტანილი პირადი წვლილისთვის დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით, ხოლო „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა“ ნომინაციაში განსაკუთრებული საქველმოქმედო საქმიანობისა და კაცთმოყვარეობისათვის მას ჯილდო - „ოქროს ფრთა“ გადასცა; სხვადასხვა დროს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მშენებლის წოდება; დაჯილდოვებულია ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენით ‐ „დამსახურება ლიეტუვისთვის“ ‐ რაინდის ჯვრით; დავით გურგენიძეს, საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის გავრცელებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისში საზოგადოების უმაღლესი ჯილდო ‐ დანტე ალიგიერის ოქროს მედალი და დიპლომი გადაეცა; მეცნიერებისა და ეროვნული კულტურის განვითარების საქმეში გაწეული ღვაწლისთვის საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდიუმმა მიანიჭა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემიის ლაურიატის საპატიო წოდება და ბრინჯაოს მედალი; დაჯილდოვებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის მედლით.

დავით გურგენიძე 105-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 2 გამოგონების, 7 მონოგრაფიის, 7 სახელმძღვანელოს, 5 დამხმარე სახელმძღვანელოსა და 1 ენციკლოპედიური ლექსიკონის (V ტომი) ავტორია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 10 სადოქტორო დისერტაცია. დავით გურგენიძე კოორდინაციას უწევდა და ამჟამადაც უწევს არაერთ საერთაშორისო საგრანტო პროექტს.

გიორგი ანთაძე - თუ ასე გაგრძელდა, დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენას და სათანადო რელსებზე დაბრუნებას დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს, ან კიდევ სულაც წარმოუდგენლად გართულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2024
რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია