ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, გრიპის ვაქცინაცია წლის ბოლომდე გაგრძელდება.
როგორც აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მაღალრისკიან მოქალაქეებს ვაქცინაცია დღეიდან უკვე შეუძლიათ.
“გრიპის ვაქცინაცია დაწყებულია და წლის ბოლომდე გაგრძელდება. ყველას, ვინც მაღალრისკიანი, დღეიდან ვთავაზობთ და შემდეგ სხვა ეტაპებზე გადავალთ”, - განაცხადა აზარაშვილმა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მინისტრმა ისაუბრა, რუხის საავადმყოფოს რეაბილიტაციაა. აზარაშვილის თქმით, განახლებული კლინიკა ერთი თვის წინ გაიხსნა და მისი მომსახურებით უკვე 1000-ზე მეტმა პაციენტმა ისარგებლა.
“რუხის საავადმყოფოში არ არსებობდა კოვიდის და დიალიზის განყოფილების გარდა სხვა მოქმედი განყოფილება. რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ მუშაობა, რომ დაგვემატებინა ყველა საჭირო მიმართულება. ერთი თვის წინ, 15 სექტემბერს გავხსენით ეს კლინიკა კიდევ ერთხელ, ახლა უკვე სრულყოფილად. შედეგები იმაზე მეტია, რაც მოლოდინი გვქონდა და ერთ თვეში 1000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა მომსახურებით”, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.