მინისტრი - ჩვენს შემთხვევაში ხდება ინოვაციური, იშვიათი მედიკამენტების პირდაპირი შესყიდვის გზით შეძენა, სადაც ფარმა ბიზნესს ან შეიძლება არ ჰქონდეს ინტერესი, ან ჰქონდეს არასწორი ინტერესი 2-ჯერ, 3-ჯერ და 4-ჯერ ძვირად რომ ყიდიან იმ მედიკამენტებს

ჩვენს შემთხვევაში ხდება ინოვაციური, იშვიათი მედიკამენტების პირდაპირი შესყიდვის გზით შეძენა, სადაც ფარმა ბიზნესს ან შეიძლება არ ჰქონდეს ინტერესი, ან ჰქონდეს არასწორი ინტერესი 2-ჯერ, 3-ჯერ და 4-ჯერ ძვირად რომ ყიდიან იმ მედიკამენტებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გარკვეული ტიპის მედიკამენტების პირდაპირი შესყიდვის დამკვიდრებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს მოსამზადებლად მუშაობა უკვე მიდის საქართველოს პარლამენტში კომიტეტების დონეზე.

ამასთან, როგორც აზარაშვილმა განმარტა, ე.წ. „მეას“ ტიპის შესყიდვის დანერგვა საერთაშორისო ჯგუფების რეკომენდაციის საფუძველზე ხდება და მნიშვნელოვნად დაზოგავს თანხას.

„პარლამენტში მიდის კომიტეტებში ეს განხილვა, ეს არის ე.წ. მეას ტიპის შესყიდვა მედიკამენტების. მე ძალიან ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, როცა რეფერენტული ფასების რეფორმა დავიწყეთ, მაშინ საკონსულტაციო ჯგუფს ჰქონდა რეკომენდაცია, რომ ყველა ძვირადღირებული, იშვიათი, ინოვაციური მედიკამენტები, რომლებისთვისაც შეუძლებელი იყო რეფერენტული ფასის განსაზღვრა სხვადასხვა მიზეზის გამო, პირდაპირი შესყიდვის გზით შეგვეძინა და უშუალოდ მწარმოებლებთან გვქონოდა მოლაპარაკება ამ მედიკამენტების შესყიდვაზე. დღეს მსგავსი შესყიდვები ისედაც გვაქვს სამინისტროში, მაგალითად, ეს არის ინსულინის მარაგების შეძენა, ეს არის იშვიათი დაავადებების მედიკამენტების შესყიდვა. 30 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს იშვიათი მედიკამენტებისთვის ბიუჯეტი, ასევე ინსულინისთვის არის 10 მილიონ ლარზე მეტი და უკვე მსგავსი შესყიდვები გვინდა, რომ საკანონმდებლო ჩარჩოში მოვაქციოთ და ამ ტიპის შესყიდვაზე კანონში ჩავწეროთ, რომ ცალ-ცალკე არ იყოს შესათანხმებელი. აქედან გამომდინარეა კანონში ეს ცვლილებები. აქვე მინდა ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტიც გაგახსენოთ- წლის დასაწყისში, როდესაც რეფერენტული ფასები შემოვიტანეთ, პირველად იყო ასეთი სამწუხარო ფაქტი, როცა 5 კომპანიამ ერთი და იგივე მედიკამენტებზე ერთი თეთრის სიზუსტით შემოგვთავაზა ფასები, ეს ფასები შეეხებოდა ონკოლოგიურ მედიკამენტებს, და იყო 3-ჯერ, 4-ჯერ და მეტჯერ გაზრდილი. სწორედ ამის დასაზღვევად, ასევე ჩვენი პაციენტებისა და ბიუჯეტიდან თანხების სწორად ხარჯვის დასაზღვევად არის „მეას“ კონტრაქტი, რომელიც გვინდა, რომ კანონში ჩავწეროთ.

სამწუხაროდ, არ შემიძლია ზუსტი რიცხვები გითხრათ რა დაზოგვას და რა ფასდაკლებას მიაღწევს სახელმწიფო. მნიშვნელოვანი დაზოგვაა, მაგრამ ამ დაზოგვის ხარჯზე არანაირად არ მოხდება ბიუჯეტის შემცირება, ბიუჯეტი დარჩება იგივე, ხოლო მოსახლეობის იმ კატეგორიის მოცვა, ვისაც ეს მედიკამენტები სჭირდება, მნიშვნელოვნად გაიზრდება და ასევე წლის განმავლობაში კურსს რაც სჭირდებოდა, სრულად მიიღებენ.

სახელმწიფო აფთიაქს ნამდვილად არ ვქმნით, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ეს პრაქტიკაც არსებობს, კერძო აფთიაქებთან ერთად სახელმწიფო აფთიაქებიც არსებობს.“- განაცხადა აზარაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
ახალი დოკუმენტური ფილმი „32 წუთი“ და წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ გზა მსოფლიო არენაზე