თინა ბოკუჩავა - პოლიტიკური ცირკი, რომელიც ივანიშვილმა იმპიჩმენტის სახით მოაწყო, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს - „ნაციონალური მოძრაობა“ კენჭისყრისას დარბაზში არ იქნება

პოლიტიკური ცირკი, რომელიც ივანიშვილმა მოაწყო იმპიჩმენტის სახით, აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ევროინტეგრაციის პროცესს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, მათი ფრაქცია იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს და დარბაზში არ იქნება.

„ცინიკური განცხადებები, ალბათ, სხვებისთვისაც ღიმილისმომგვრელი იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ რეალურად ეს პოლიტიკური ცირკი, რომელიც ივანიშვილმა მოაწყო იმპიჩმენტის სახით, აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ევროინტეგრაციის პროცესს, როცა ძალიან ცოტა დრო რჩება ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე კანდიდატის სტატუსის შესახებ. ჟოზეფ ბორელმა ჩვენთან შეხვედრისას, ისევე როგორც საჯაროდ განაცხადა ძალიან კონკრეტულად, რომ იმპიჩმენტის პროცესი ნეგატიურად აღიქმებოდა ბრიუსელში. ეს პოლიტიკური ცირკი, რომელზეც ასე ხალისობს უმრავლესობის სხვადასხვა წევრი, ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას და კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც ცხადყოფს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად აკეთებს ყველაფერს ევროინტეგრაციის საბოტაჟისთვის.

ჩვენი პოზიცია ცნობილი იყო საზოგადოებისთვის ამ პოლიტიკური ცირკის გამოცხადების პირველივე დღიდან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილის ბინძურ თამაშში, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟს ემსახურება, მონაწილეობას არ მიიღებდა, ამიტომ ჩვენი ფრაქცია არ იქნება იმპიჩმენტის პროცესის მიმდინარეობისას პლენარულ სხდომათა დარბაზში და სხვა ოპოზიციონერებსაც მოვუწოდებთ იგივე გააკეთონ, რომ „ოცნებას“ მანიპულაციის სივრცე შეეზღუდოს,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება