მამუკა მდინარაძე - ზურაბიშვილი პრეზიდენტად მხოლოდ იმიტომ რჩება, რომ „ნაცები“ უჭერენ მხარს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ განხილვა და კენჭისყრა ერთ დღეს ჩატარდება.

როგორც მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დღესთან დაკავშირებით, უმრავლესობა განსაკუთრებულ მობილიზებას არ გეგმავს.

მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის მთავარი იყო სახელი დარქმეოდა პრეზიდენტის მხრიდან „დემონსტრაციულ დარღვევას“.

„შევეცდებით, პარლამენტში განხილვა და კენჭისყრა ერთ დღეს ჩავატაროთ, რადგან არ იქნება რელევანტური, რომ ერთ დღეს ჩავატაროთ განხილვა, შემდეგი დღისთვის გადავდოთ კენჭისყრა. თუ ფიქრობთ, რომ ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მობილიზებას ვაპირებთ, ამ შიშებს გაგიქარწყლებთ. ოპოზიციას ჰგონია, რომ ჩვენ ვიღაცებს მოვისყიდით. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ სახელი დარქმეოდა იმ დემონსტრაციულ დარღვევას, რასაც პრეზიდენტის მხრიდან ჰქონდა ადგილი და დაფიქსირებულიყო მისი მხრიდან დარღვევა, რომელიც დაფიქსირდა“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება, რომ არ ყოფილიყო დღის წესრიგში დგებოდა საკითხი - „გვაქვს თუ არა საპარლამენტო მმართველობა ქვეყანაში“.

კითხვაზე, რას შეცვლის სალომე ზურაბიშვილისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მდინარაძე პასუხობს, რომ მან არ იცის გააგრძელებს თუ არა პრეზიდენტი „დემონსტრაციულად“ კონსტიტუციის დარღვევას.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად იმიტომ რჩება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უჭერს მხარს და ხდება მისი თანამონაწილე.

„არ ვიცი რა შედეგს მოიტანს. არ ვიცი ზურაბიშვილი დემონსტრაციულად გააგრძელებს დარღვევას მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა. წინასწარ არ ვიცით, რას იზამს, უბრალოდ ყველას გვეცოდინება, რომ პრეზიდენტს არ აქვს ლეგიტიმაცია, რადგან ის არის კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი და პრეზიდენტად მხოლოდ იმიტომ რჩება, რომ „ნაცები“ უჭერენ მხარს ამ დარღვევაში და ხდებიან მისი თანამონაწილეები. ყველა ის დეპუტატი, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს, ხდება პრეზიდენტის თანამონაწილე, კონსტიტუციის დარღვევაში თანამზრახველი. ამ ყველაფრისა და მისი არალეგიტიმურობის მიუხედავად, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მას კითხეთ.

სალომე ზურაბიშვილმა არ აღიარა ამ ქვეყნის მმართველობის ფორმა, რა ფორმამაც ამ დათქმით მისცა საქართველოს მოსახლეობამ ხმა. არ აღიარა საქართველოს კონსტიტუცია და ვითომ „ევროპული“ მიზეზით, მაინც დაარღვია კონსტიტუცია, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა არღვევდა. შესაბამისად, არ იქნება გასაკვირი თუკი მან დემონსტრაციული დარღვევა გააგრძელა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება