ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი - 2022 წელს 815 არასრულწლოვანის ორსულობა აღირიცხა - 47-მა გოგომ ქორწინების მიზეზით განათლების მიღება შეწყვიტა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, სოფო რუსეცკის განცხადებით, 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით 815 არასრულწლოვანის ორსულობა აღირიცხა. აღნიშნულის შესახებ რუსეცკიმ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. სოფო რუსეცკის განცხადებით, 2022 წელს 434-მა არასრულწლოვანმა იმშობიარა.

„სტატისტიკური მონაცემები, რასაც სახალხო დამცველი ყოველწლიურად ითხოვს, შემიძლია მოგახსენოთ. მაგალითად, 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით 815 არასრულწლოვანი ორსული იყო, აქედან მშობიარობის რიცხვი 434-ს აღწევს. წარმოიდგინეთ, ჩვენი ქვეყნისთვის ეს როგორი მასშტაბურია. როცა ადრეულ ასაკში ქორწინება ხდება, გოგოები განათლების მიღებას წყვეტენ. სკოლებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს 47-მა გოგომ ქორწინების მიზეზით განათლების მიღება შეწყვიტა“, - აცხადებს რუსეცკი.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოების დაბალი ინფორმირებულობაა. ამასთან, რუსეცკი სასამართლო პრაქტიკაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული კვლევის "ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა საქართველოში - არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები“ ფარგლებში გაანალიზებულ საქმეებში გამოვლინდა, რომ პროკურატურამ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა რაც შემდგომში სასამართლომ დაამტკიცა.

„საზოგადოების ინფორმირებულობა დაბალია, არ იციან კანონმდებლობა ზუსტად რას ითვალისწინებს. ამგვარ დანაშაულებზე - შეტყობინებების და ცრუ ჩვენებების მიცემის ფაქტზე, უმეტესწილად, ადამიანების პასუხისგებაში მიცემა არ ხდება.

კანონები გვაქვს, მაგრამ კანონის აღსრულება და პრაქტიკაში გამოყენებაა პრობლემური. დანაშაულის შეუტყობინებლობაზე და ცრუ ჩვენებებზე მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს, ქვეყანას ამ მიმართულებით მკაცრი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს. კომპლექსური ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი, რაც ყველა უწყების ჩართულობას მოიცავს. მხოლოდ კანონით ამას ვერ მოვაგვარებთ, თუ ყველა ჩვენგანი არ ვაღიარებთ, რომ ეს დანაშაულია.სახალხო დამცველის მიერ კვლევის ფარგლებში გაანალიზებული საქმეების უმეტესობაში საპროცესო შეთანხმება იყო გაფორმებული, 39 საქმიდან 29 საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ასევე გამოყენებული იყო პირობითი მსჯავრი, ასევე სასჯელის სახით დაბალია თავისუფლების აღკვეთის გამოყენების მაჩვენებელიც, ესეც ერთ-ერთ პრობლემად გამოიკვეთა“, - განაცხადა რუსეცკიმ.

ინტერვიუს სრულ ვერსიას „ინტერპრესნიუსი" უახლოეს საათებში შემოგთავაზებთ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში