გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2022 წლის ბოლოსათვის 127.1 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 4.0 პროცენტი გამოსახული იყო უცხოური ვალუტით.
ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2022 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 28.1 მილიარდი ლარია.
„2022 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 6.2 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი - 43.3.
2022 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 67.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა, საიდანაც მოკლევადიანი ვალდებულებები 17.3 მილიარდ ლარს შეადგენდა.
2022 წლის ბოლოსათვის არსებული მთლიანი ვალდებულებებიდან 15.1 მილიარდი ლარი წარმოადგენს ვალდებულებებს უცხოური ვალუტით, ხოლო არარეზიდენტების მიმართ არსებული ვალი (საგარეო ვალი) 10.1 მილიარდ ლარს შეადგენს.
კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2022 წლის ბოლოსათვის 59.2 მილიარდი ლარი შეადგინა.
არაფინანსური კორპორაციების მიერ 2022 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები 2.4 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მთლიანი შემოსავლები - 19.4 მილიარდ ლარს.
2022 წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) 11.6 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან, ვალის მომსახურება მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით 1.7 მილიარდი ლარია. ვალის მომსახურება ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების მიხედვით, 111.3 მილიონი ლარს, ხოლო ვალის მომსახურება სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით 472.5 მილიონი ლარს შეადგენს,“ - აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.