„ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, - ამის შესახებ დღეს საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა ქართული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
რაზე ჰადას მეიცადმა ისრაელის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
„მსგავსი მხარდაჭერა ადასტურებს იმას, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ისრაელი მარტო არ არის”, - განაცხადა ელჩმა.
მან „ჰამასი“ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს შეადარა და მისი განადგურების აუცილებლობას გაუსვა ხაზი, რაც როგორც ელჩმა განაცხადა, ამ ეტაპზე ისრაელის სამხედრო მოქმედებების მიზანს წარმოადგენს.
კითხვაზე, თუ როგორ აფასებს ისრაელის მიმართ საქართველოს მხარდაჭერას, ელჩმა მეიცადმა უპასუხა, რომ იგი „ძლიერ მხარდაჭერას არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ადამიანურ დონეზეც გრძნობს და ამისთვის ქართველი ხალხის მადლიერია“.
ისრაელის ელჩმა პასუხი გასცა შეკითხვას რუსეთის შესახებ და აღნიშნა, რომ „ახლა ისრაელის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, იგრძნონ მხარდაჭერა, თუმცა რუსეთის ქმედებები „იმედგაცრუებას იწვევს, რადგან შეუძლებელია ნახო ის, თუ როგორი სისასტიკით მოქმედებს „ჰამასი“ და მას ტერორისტული დაჯგუფება არ უწოდო“.
ელჩი გამოეხმაურა მსოფლიოს გარშემო გამართულ პროპალესტინურ გამოსვლებსაც და აღნიშნა, რომ არსებობს განსხვავება „ჰამასსა“ და პალესტინელებს შორის, რაც აუცილებელია ხალხმა გაიგოს. ელჩმა აღნიშნა, რომ ისრაელს არ სურს ავნოს მათ, ვინც უდანაშაულოა.
ჰადას მეიცადმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ რთულია პროგნოზის გაკეთება თუ რა იქნება სამომავლოდ ღაზაში და იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში ომის საზღვრები არ გაფართოვდება.
შეხვედრაზე ისრაელის ელჩმა ჟურნალისტებს ვიდეო და ფოტო მასალა გაუზიარა, სადაც ასახული იყო "ჰამასის" თავდასხმების სისასტიკე. ასევე, ვიდეოზარის საშუალებით ჟურნალისტებს "ჰამასის" ტყვეობაში მყოფი ერთ-ერთი ბავშვის ახლო ნათესავი გაესაუბრა, რომელმაც ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა უძღოდა წინ "ჰამასის" თავდასხმებს და რას აკეთებს დღეს ისრაელის ხელისუფლება მძევლების სახლებში დასაბრუნებლად.