ღაზაში, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა

ღაზაში, ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ლიბანში, ირანსა და თურქეთში, საპროტესტო აქციები გაიმართა.

მედიის ინფორმაციით, ასობით პალესტინელი შეიკრიბა დასავლეთ სანაპიროს ქალაქებში, მათ შორის რამალაში, სადაც მომიტინგეებსა და პალესტინელ უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა.

ასობით დემონსტრანტსა და ლიბანის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა ლიბანში, აშშ-ის საელჩოსთანაც, რომელიც დედაქალაქ ბეირუთთან ახლოს მდებარეობს. ასობით ადამიანი შეიკრიბა ბეირუთში საფრანგეთის საელჩოსთან, სადაც „ჰეზბოლას“ დროშები აღმართეს და საელჩოს შენობას ქვები დაუშინეს.

ლიბანში, მოძრაობა „ჰეზბოლამ“, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო, ოთხშაბათი „მრისხანების დღედ“ გამოაცხადა.

ასობით მომიტინგე შეიკრიბა ბრიტანეთისა და საფრანგეთის საელჩოებთან თეირანშიც.

შეგახსენებთ, ღაზას სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას საავადმყოფოში აფეთქება დაჯგუფება “ისლამური ჯიჰადის” რაკეტამ გამოიწვია. „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა