ჯაბა სამუშიამ კრისტიან ფონ კიოლნს საპატიო დოქტორის დიპლომი გადასცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიოლნის უნივერსიტეტისა და თსუ-ს სამართლის სამაგისტრო პროგრამის - LL.M. zu Köln - დაფუძნებიდან 15 წლის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.

თსუ-ს ცნობით, ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ პროგრამის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, პროფესორ კრისტიან ფონ კიოლნს საპატიო დოქტორის დიპლომი გადასცა.

„თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილებით, პროფესორ კრისტიან ფონ კიოლნს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ათწლიანი აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, სამაგისტრო პროგრამა LL.M zu Köln-ის მუდმივი მხარდაჭერის, უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობასა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისათვის.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორები, მოსამართლეები, DAAD-ის რეგიონული და ცენტრალური ოფისის წარმომადგენლები, სტუდენტები ესწრებოდნენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ სამაგისტრო პროგრამის თხუთმეტწლიან გამოცდილებაზე ისაუბრა. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ ქართველი და გერმანელი პროფესორების ღვაწლზე, რომლებიც სამაგისტრო პროგრამის - LL.M. zu Köln ფარგლებში ასწავლიან. „პროგრამაზე, რომელმაც 5 სტუდენტის მიღებით დაიწყო ფუნქციონირება, დღეს წელიწადში 15 სტუდენტს იღებს. მისი კურსდამთავრებულები წარმატებული იურისტები არიან, მათი დასაქმების მაჩვენებელი 99%-ს უტოლდება“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ. მისი თქმით, შეიქმნა მნიშვნელოვანი ბაზა, რომელიც გერმანულ-ქართული სამართლებრივი ოჯახის ფარგლებში პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, სამეცნიერო საქმიანობას უწყობს ხელს. 15 წლის განმავლობაში სამაგისტრო პროგრამას 120-მდე კურსდამთავრებული ჰყავს.

კიოლნის უნივერსიტეტისა და თსუ-ს სამართლის სამაგისტრო პროგრამის - LL.M. zu Köln ქართველი სტუდენტებისთვის გერმანული და ევროპული სამართლის დარგებში ცოდნის გაღრმავების მიზნით, 2007 წელს, თსუ-ს იმჟამინდელი რექტორის პროფესორ გიორგი ხუბუასა და კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორის ანგელიკა ნიუსბერგერის ინიციატივით ამოქმედდა. სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს კიოლნის უნივერსიტეტის დიპლომი გადაეცემათ.

სამაგისტრო პროგრამა აკადემიური ურთიერთგაცვლის სამსახურის (DAAD) და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს (Auswärtiges Amt) მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კიოლნის უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე ხორციელდება. პროგრამას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან - პროფესორი ირაკლი ბურდული, კიოლნის უნივერსიტეტის მხრიდან კი იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბერნჰარდ კემპენი და პროფესორი კრისტიან ფონ კიოლნი ხელმძღვანელობენ.

სტუდენტები პირველ სემესტრში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობენ, მეორე სემესტრი კი კიოლნის უნივერსიტეტში ხორციელდება. მაგისტრანტებს წვდომა აქვთ კიოლნის უნივერსიტეტის უნიკალურ ბიბლიოთეკაზე, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, ნაშრომი ევროპული სტანდარტების შესაბამისად შეასრულონ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის