ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, ბაღდადის დიპლომატიური მხარდაჭერის ცენტრის მიმართულებით, სადაც განთავსებული არიან ამერიკელი სამხედროები, დიპლომატები და სამოქალაქო პირები, დღეს დილით ორი რაკეტა ესროლეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანია ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთი რაკეტა ანტისარაკეტო სისტემამ მოიგერია, მეორე კი ცარიელ საწყობს მოხვდა. მისივე თქმით, არავინ დაშავებულა.
CNN-ი იუწყება, რომ ეს, ბოლო დღეებში, არ არის პირველი თავდასხმა, რომლის სამიზნეც ერაყში აშშ-ისა და კოალიციის ძალები არიან და ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ირანსა და ისრაელის სხვა მოწინააღმდეგე ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ღაზაში კონფლიქტის გაღვივებას არ შეეცადონ.