კვირას, 22 ოქტომბერს, მთაწმინდის პარკში, Red Bull Soapbox Race გაიმართება. არამოტორიზებულ ავტომობილებს შორის შეჯიბრება საქართველოში პირველად ტარდება.
ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხელნაკეთი ავტომობილების დათვალიერება საგამოფენო ზონაში 12:00 საათიდან იქნება შესაძლებელი, შეჯიბრება კი 13:30 საათიდან დაიწყება.
„Red Bull Soapbox Race არამოტორიზებული ავტომობილების რბოლაა. ღონისძიებაში მონაწილე გუნდები საკუთარი ფანტაზიით და წინასწარ გაწერილი ზომების მიხედვით აწყობენ ავტომობილს. საქართველოში მონაწილეობა 250-მდე ეკიპაჟმა გამოთქვა, საიდანაც მონაწილეობის მისაღებად, 30 გუნდი შეირჩა. გუნდები შედგებიან მინიმუმ სამი და მაქსიმუმ ხუთი წევრებისგან. მათგან მხოლოდ ერთია ავტომობილის მძღოლი. დასაშვებია „შტურმანის” ყოლა. შეჯიბრის ტრასა სავსეა წინაღობებით და მთავარი გამოწვევაც ეს არის: ეკიპაჟმა გადალახოს დაბრკოლებები და ფინიშის ხაზთან მცირე დროში მივიდეს. თუმცა, ღონისძიების გამარჯვებული ყველაზე სწრაფი გუნდი არ არის.
უმაღლესი ქულით ფასდება ის ეკიპაჟი, რომელიც ფინიშთან ყველაზე მცირე დროში მივა. ჟიური კი აფასებს ავტომობილის დიზაინს და რბოლამდე დადგმულ წარმოდგენას. გუნდებს პერფორმანსისთვის მხოლოდ 30 წამი აქვთ. Red Bull Soapbox Race -ს ჟიურის წევრები არიან: მევლუდ მელაძე, მუსია ქებურია, ირაკლი კაკაბაძე, ელენე რუხაძე, მერაბ ნუცუბიძე. გამარჯვებული ეკიპაჟი დაჯილდოვდება საოცნებო მოგზაურობით მათ მიერ შერჩეულ რომელიმე შეჯიბრებაზე (Formula 1, Moto GP, Hahnenkamm Race ).
სახალისო და ექსტრემალური ღონისძიება პირველად 2000 წელს ბელგიაში ჩატარდა, მას შემდეგ, მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში 150-მდე ღონისძიება გაიმართა. წელს Red Bull Soapbox Race -საქართველოში პირველად ტარდება. Red Bull Soapbox Race-ზე დასწრება უფასოა. შეჯიბრებაზე დასწრების მსურველებისთვის 12:00 საათიდან უფასო შატლები იმოძრავებს „ჰასკი მოტოპარკიდან“- მთაწმინდის პარკის მიმართულებით; მაყურებლებს შეუძლიათ დატოვონ საკუთარი ტრანსპორტი „ჰასკი მოტოპარკის“ სადგომზე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.