საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ნიკო თათულაშვილმა, დელეგაციასთან ერთად, ქალაქ ჟენევაში, მოსახლეობის და განვითარების შესახებ (ICPD-30) გამართულ რეგიონალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ორგანიზებით ხორციელდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფერენციის პირველ დღეს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სიტყვით მიმართა დელეგატებს და ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის შესახებ ისაუბრა.
„ნიკო თათულაშვილმა აღნიშნა, რომ სტრატეგია მიზნად ისახავს საზოგადოებაში თანასწორობის ხელშეწყობას და თითოეული ადამიანის უფლებების დაცვას.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ხაზი გაუსვა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია, შშმ პირთა უფლებების დაცვა და ხანდაზმული ადამიანების უფლებები სახელმწიფოს პრიორიტეტია.
ნიკო თათულაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების განვითარების პოლიტიკაზე, რომლის მიზანია უზრუნველყოს ახალგაზრდების უფლებებისა და საჭიროებების დაკმაყოფილება, რათა მათ მიეცეთ სრული პოტენციალის რეალიზაციის შესაძლებლობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.