გიორგი ამილახვარმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და აკადემიურ პერსონალს ღირსშესანიშნავი თარიღი პირადად მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი ამილახვარმა საუბრისას ქუთაისისა და დასავლეთ საქართველოს განვითარების კუთხით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქუთაისი ნამდვილად იქცა რეგიონის მასშტაბით საგანმანათლებლო და სამეცნიერო ჰაბად, სადაც ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ევროპული ხარისხის განათლება. მისი თქმით, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუნქციონირება და მათ შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ამის თვალსაჩინო მაგალითია.

„მინდა, უნივერსიტეტის 90 წლის იუბილე მოგილოცოთ ყველას, განსაკუთრებით უნივერსიტეტის თითოეულ წარმომადგენელს – სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ადმინისტრაციულ პერსონალს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქუთაისისა და დასავლეთ საქართველოს ფორმირებაში უდიდესი როლი შეასრულა. სწორედ ამ უნივერსიტეტის დამსახურებაა, ქუთაისის სხვა საგანმანათლებლო კერებთან ერთად, რომ ამ ქალაქს რეგიონში ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა განათლების თვალსაზრისით.

საამაყოა, რომ დაარსებიდან 90 წლის შემდეგ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც მრავალდარგოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო კერა, კვლავ ინარჩუნებს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის სტატუსს, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის განათლებას და ხელს უწყობს კვლევითი საქმიანობის განვითარებას. მოხარული ვარ, რომ თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს დღეისათვის აქვს 44 საბაკალავრო, 34 სამაგისტრო, 7 სადოქტორო და სხვადასხვა საფეხურის 15 საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც 9000-მდე სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 3 სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და სწავლებისა და კვლევით პროცესს 524 პროფესორი და 436 სპეციალისტი ემსახურება.

მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, რომლებიც პირნათლად ეწევიან საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს. მჯერა, კვლავაც გააგრძელებთ მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვას და არასდროს გადაუხვევთ ამ დიად მისიას.

ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ საქართველოში განათლება და მეცნიერება და ადგილზე შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო. ამის მაგალითია ქუთაისი, რომელიც რეგიონის მასშტაბით იქცა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ჰაბად და აქ ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ევროპული ხარისხის განათლება. აკაკი წერეთლის უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუნქციონირება და მათ შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით მართლაც უნიკალურს ხდის ამ ქალაქს.

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი უნივერსიტეტების განვითარებას და ვიზრუნოთ მათი კვლევითი პოტენციალის ამაღლებაზე. პირობას გაძლევთ, რომ მხარს დავუჭერ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა იმ ინიციატივას, რომელიც თავად უნივერსიტეტისა და რეგიონის განვითარებისკენ იქნება მიმართული.

ჩვენ ყველას გვესმის და ვიცით, რომ განათლების გარეშე ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია, ვინაიდან სწორედ განათლებული თაობა ქმნის ძლიერი ქვეყნის მყარ საფუძველს. ამ მიმართულებით მზად ვარ, ღია ვარ, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად აქტიურად ვიმუშაო. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით არაერთ მასშტაბურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტს განვახორციელებთ და ევროპისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ“,- განაცხადა ამილახვარმა.

„აღსანიშნავია, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამორჩეული ისტორია აქვს - 1933 წლის 13 თებერვალს ქუთაისში პედაგოგიურმა ინსტიტუტმა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. ამ მოვლენას წინ უძღოდა, 1930 წლის ივლისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხ დამოუკიდებელ უმაღლეს სასწავლებლად დაყოფა. სწორედ ამ ოთხიდან ერთ-ერთი იყო პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელმაც 1933 წლიდან ქუთაისში გადმოინაცვლა. 1933-1990 წლებში სასწავლებელი ალექსანდრე წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსით არსებობდა, ხოლო 1990 წელს უმაღლესი სასწავლებელი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა.

დღეს უნივერსიტეტი მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამებით აგრძელებს ფუნქციონირებას. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 44 საბაკალავრო, 34 სამაგისტრო, 7 სადოქტორო და სხვადასხვა საფეხურის 15 საგანმანათლებლო პროგრამაზე 9000-მდე სტუდენტი სწავლობს, მათ შორის, 800-მდე უცხოელია. სწავლებისა და კვლევის პროცესს 524 პროფესორი და 436 სპეციალისტი ემსახურება.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეს აღნიშვნა მიმდინარე წლის 13 თებერვალს დაიწყო და მას შემდეგ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ორგანიზებით, არაერთი საზეიმო ღონისძიება გაიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - ხელისუფლება საზოგადოებასთან ბოლომდე გულწრფელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო