ირაკლი შოთაძის განცხადებით, 2019 წელს შეწყალების საქმესთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება დღემდე გრძელდება

საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტების საქმესთან დაკავშირებით, საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე, რაც პროკურატურის კომპეტენცია არ არის. შოთაძემ ასე უპასუხა კითხვას, ხომ არ შეიძლება ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტების საქმეზე გამოძიება დაიწყოს.

„ამ შემთხვევაში საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე. კონსტიტუციის დარღვევა არ არის პროკურატურის კომპეტენცია და არის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია“, - აღნიშნა შოთაძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით არსებობს თუ არა რაიმე საქმე, რომელიც ახლა ძიებაშია და რა ეტაპზეა 2019 წელს შეწყალების საქმესთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება, შოთაძე პასუხობს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება.

კითხვაზე, შესაძლოა, რომ ზურაბიშვილი შეწყალების საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს, შოთაძე აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება.

„ამ ფაქტზე გამოძიება გრძელდება, შემიძლია დაგიდასტუროთ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობთ შეზღუდული არის. პრეზიდენტზე ვრცელდება იმუნიტეტი და მის მიმართ შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მისი მხრიდან ან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი დაადასტურა,“ - განაცხადა შოთაძემ.

კითხვას, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა თუ არა, რომ საკითხით გამოძიება დაინტერესდეს შოთაძე ასე პასუხობს: „ამ ფაქტზე მომავალში რატომ ვლაპარაკობთ? გიხსნით, რომ გამოძიება გრძელდება და ეს გამოძიება დაწყებულია რამდენიმე წლის წინ“.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება